LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მებრძოლების ფოტოები სოხუმის „დიდების პარკთან“ გააკრეს – შემთხვევით თუ შეგნებულად?

860
ermakovi2 (2)

ოკუპირებულ სოხუმში გამარჯვების დღე ქართველი ჯარისკაცების ფოტოებით აღნიშნეს. ქართველებზე გამარჯვებიდან 26 წლის თავზე, ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციამ სიმბოლური შინაარსის ბანერი ე.წ. აფხაზეთის კულტურის სამინისტროს დაავალა, თუმცა უწყებამ თავის მხრივ დავალება სარეკლამო კომპანი DiGraphic-ის მიაბარა. 30 ოქტომბერს კი მემორიალური დაფაზე ქართველი ჯარისკაცების ფოტოები აღმოჩნდა. ასე, რამდენიმე დღე „იზეიმეს“, კულტურული ღონისძიებები გამართეს, ბანერთან ცეკვა-სიმღერა  და მილოცვები არ დაუკლიათ, თუმცა კონცერტებს ფონად ქართველი მებრძოლები ტანკზე ამხედრებულები რომ უდევთ, ამაზე იქ არავის არ უფიქრია. მხოლოდ რამდენიმე დღის მერე შეამჩნიეს და ისიც ადგილორივი მედიის წყალობით.

ქალაქის მთავარმა მხატვარმა რუსლან გაბლიამ, აფხაზურ მედიასთან აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და  განაცხადა, რომ აფხაზი ჯარისკაცების გვერდით ქართველი მებრძოლების ფოტოები ნამდვილად იყო ბანერზე, თუმცა ეს სააგენტო TACC-ის არქივიდან ამოიღეს და შეცდომაც ასე გამოეპარათ.

თავის მართლების პროცესი გაბლიას განცხადებიდან დაიწყო და ე.წ. კულტურის სამინისტრომდე მიაღწია. ამ უკანასკნელმა კი სარეკლამო კომპანიას დასდო ბრალი. ე.წ. კულტურის მინისტრის მოადგილე ბესლან გურჯუა, Apsni.ru-ში მოცემული ინტერვიუს თანახმად, ბოდიშს იხდის უსიამოვნო ინციდენტისთვის და ამბობს, რომ ეს შეგნებულად არ გაუკეთებიათ.

რაც შეეხება თვითონ DiGraphic-ის კომპანიას, აფხაზური მედიის ცნობით, ისინი სააგენტო TACC-ის არქივის მომხმარებლები არიან და შესაბამისად აქ დაცულ ფოტოებზე იმუშავეს. ეს გახლავთ 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური ომის ამსახველი ფოტოები.

გურჯუას მტკიცებით, მსგავსს ფაქტს აქამდე ადგილი არ ქონია და მომავალშიც გაითვალისწინებენ მწარე გაკვეთილს. მათ სასწრაფოდ იპოვეს ახალი სარეკლამო კომპანია, რომელიც მომავალი ღონისძიებებისთვის ბანერებს დაუმზადებს.

თუმცა მანამდე, სანამ თავად ჩამოხსნიდნენ ბანერს, „დიდების პარკში“ აფხაზი ვეტერანი მივიდა, რომელმაც ქართველი ჯარისკაცების ფოტოები საჯაროდ ჩამოგლიჯა.

„დიდების პარკის“ „დიდებულ“ იდეას რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი გამოეხმაურა. მართალია ინფორმაცია ჩვენგან გაიგეს, მაგრამ აღნიშნულ ფაქტს სასაცილო და თან სამართლიანი უწოდეს.

1993 წელს სოხუმის მისადგომებთან იბრძოდა გ.გ. რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთში უთანასწორო ბრძოლას მისი თანამებრძოლების უმრავლესობა შეეწირა და ბატალიონიდან მხოლოდ რამდენიმე დარჩა ცოცხალი.

„ეს იყო ომი, სადაც მსხვერპლი ორივე მხარეს გვყავს. ის დაფა, სადაც შემთხვევით გააკრეს ჩვენი ფოტოები, ვფიქრობ სამართლიანია, დიდებული იდეაა. ჩვენ ორივეს გვყავდა და გვეყოლება გმირები. ალბათ აფხაზები ამ ამბავმა გააღიზიანა, მაგრამ მე გულახდილად გეტყვით, გამაცინა. რატომ ჩამოხსნეს, ყოფილიყო. ასე უფრო სწორი იქნებოდა“, – ამბობს გ. გ.

„თქვენგან გავიგე, რომ ჩვენი ბიჭების სურათი გაუკრავთ. შემთხვევით გააკრესო კი გავიგე, მაგრამ მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ეს შეგნებულად მოხდა. ამ ბრძოლას გამარჯვებული არ ყავს. ჩვენ ერთდროულად ვართ გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მომავალი თაობა ისევ ისე იცხოვრებს აფხაზეთში, როგორც ეს 26 წლის წინ იყო. და დიდი იმედი მაქვს, რომ მაშინ ჩვენი გმირების ფოტოებს ერთად დავკიდებთ დიდების პარკშიც და გმირთა მემორიალზეც.“ – ნუგზარ პ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g