გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს სპორტული კლუბის ”mia force”-ს მრბოლელი დათა ქაჯაია და შსს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსი ლევან ანდრიაშვილი ესტუმრნენ. შეგახსენებთ, დათა ქაჯაიამ პროფესიონალურ TC2T კლასში, ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატში (ETCC) ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.
– რომელი წლიდან ირიცხება დათა შსს-ს სპორტულ კლუბში?
ლევანი: – დიდი სიამაყეა რომ ის ”mia force”-ის წევრია. დათა 2011 წლიდან შემოგვიერთდა, ამ დროიდან არსებობს სპორტული კლუბიც და მას შემდეგ მას უკვე არაერთი წარმატება აქვს.
– რა გამარჯვებები აქვს დათას მოპოვებული?
– ის საქართველოს მასშტაბით ყველა სერიოზულ შეჯიბრში მონაწილეობს. აღსანიშნავია 2012 წლის ლეგენედის კლასის შეჯიბრი, დათა პირველად გახდა გამარჯვებული. 2013 წელს მან პირველად ლეგენდის კლასის თასი მოიპოვა. 2014 წელს ჩემპიონთა თასი მოიპოვა, ასევე ლეგენდის კლასში. დათა ქაჯაიას ეკუთვნის რამდენიმე მოქმედი პირადი რეკორდი (საუკეთესო დრო) თავის კლასში ევროპულ ავტოდრომებზე. 2014 წელს მონცას ავტოდრომი – ერთი ეტაპის ოთხივე რბოლის გამარჯვებული, ის რეკორდების წიგნში შევიდა ამ მიღწევით.
– დათა რას აკეთებდით 2011 წლამდე?
დათა: – მანამდეც რბოლით ვიყავი დაკავებული, თუმცა მოყვარულის დონეზე. ჩვენთან არ ტარდებოდა სერიზოული შეჯიბრებები, 2011 წელს გაკეთდა რუსთავის ავტოდრომი.
– რატომ დაინტერესდით ავტო სპორტით?
– ევროპელებთან შედარებით ძალიან გვიან დავკავდი ამ საქმიანობით. 21 წლის ვიყავი როდესაც რუსთავის ავტოდრომზე მივედი და ეს დიდი ასაკია ავტოსპორტისთვის. არც კი ვიცოდი ავტოდრომის არსებობის შესახებ. მეგობარმა წაგვიყვანა და მაშინვე ”მოვიწამლე”… ჩვენ დროს არ იყო არავინ, ვინც რაიმეს გვასწავლიდა. ჩვენ ძველები ყველანი თვითნასწავლები ვართ. ”იუთუბზე” ვუყურებდით ვიდეოებს და ყოველი რბოლის შემდეგ ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით. ჩემივე ბმვ-ს მარკის ავტომობილით მივედი, ახლა 31 წლის ვარ, უკვე ათი წელია ავტოსპორტში ვარ. რბოლაში ასაკი შეზღუდული არ არის, სანამ ადამიანს გააჩნია რეაქციები მანამდე შეუძლია ირბოლოს. 2011 წელს ამიყვანეს ”მია ფორსში”, პირველად ჩატარდა სატესტო რბოლა რუსთავში, გაიტესტა ტრასაც და მონაწილეებიც. ამავდროულად ახალი კლასის ავტომობილები ყავდათ ჩამოყვანილი და ჩვენთვის ეს სიახლე იყო. სატესტო რბოლაში პირველი ადგილი ავიღე და კლუბმა გადაწყვიტა რომ ლეგენდის კლასის ავტომობილებში მეასპარეზა.
– რას აკეთებთ იმისთვის რომ იყოთ ფორმაში?
– ყოველდღიურად ვვარჯიშობთ. ისეთ რიტმში ვართ, რომ ვერ გავსუქდებით. რბოლის დროს დაახლოებით 70 გრადუსს აღწევს ტემპერატურა. გვაცვია ცეცხლ გამძლე კომბინიზონი, ასევე სპეციალური საცვლები და ეს ყველაფერი არის სქელი და ცხელი, რბოლები კი ძირითადად ზაფხულში იმართება. ასეთ დატვირთვას რომ გაუძლოს ორგანიზმმა, აუცილებელია ფიზიკური მომზადება. რბოლისას პულსი 200 დარტყმას აღწევს. რბოლისათვის აუცილებელია მრბოლელი იყოს კარგ ფორმაში. მნიშვნელოვანია კვება, ყველაფერი არ ეჭმევა. 2011 წლის მერე არ მიჭამია მწვადი, ხინკალი, ხაჭაპური, ტკბილეული. თავიდან მინდებოდა, მაგრამ ახლა მივეჩვიე. ჩემს მენიუში ფაფები, უცხიმო საკვები და მცენარეულობა შედის.
– მოგვიყევით თქვენს ევროპულ გამარჯვებაზე?
– ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი, ბავშვობაში იმავე ავტომობილით ვთამაშობდი რბოლებს, რომლითაც შეჯიბრზე გამოვედი. ბმვ E90 – მას მწარმოებელი ქარხნულად სარბოლოდ ამზადებს და ძალიან დახვეწილია. ეს ავტომობილი საქართველოში არ არის და ნანახიც კი არ მქონდა და არა თუ გამარჯვებაზე, ხუთეულში მოხვედრაზეც კი ვერ ვიფიქრებდი. ფინალურ ეტაპს იტალიამ უმასპინძლა და სულ ექვსი ეტაპი გაიმართა.
– რომელია თქვენი საყვარელი ავტომრბოლელი?
– საყვარელი მრბოლელი არ მყავს. ფერნანდო ალონსოს ტარების სტილი მომწონს. ენით ვერ ავღწერ თუ რას ვგულისხმობ, ეს უნდა ნახოთ.
– რას ურჩევთ ახალგაზრდებს?
– მინდა ავღნიშნო, რომ მხოლოდ ავტოსპორტი არ არის, ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი. არცერთი ავტომრბოლელი არ არღვევს წესებს, ყველანი ძალიან პატიოსნები ვართ ქალაქში. ვისაც ენერგია მოზღვავებული აქვს, ყველას ვურჩევ ავტოდრომზე ჩამოვიდეს და იქ დაიხარჯოს. თანხა იმდენად მიზერულია, რომ ჯარიმის ღირებულება ბევრად აღემატება რუსთავში ჩამოსვლის დანახარჯებს.
– რა ავტომობილი გყავთ?
– ”პორშე კაიმანით” დავდივარ. თუმცა ბავშვობიდან ბმვ მიყვარს. მერე ისევ ბმვს დავუბრუნდები. პორშე GT3 მომწონს, ბმვ-ში კი M4 მომწონს.
აუდიო ჩანაწერი:

