ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) პირველი ქართველი მუსიკოსები არიან, რომლებიც საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში – Made In New York Jazz Competition მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსისთვის კომპოზიცია Duke Ellington’s Sound Of Love შეირჩა, რომელიც „BRAVO RECORDS“-ის მხარდაჭერით ჩაიწერა.
ამჟამად კი ლაივ ჩანაწერის ვიდეოს მონტაჟი მიმდინარეობს. კონკურსის მთავარი ღირებულება მისი ჟიურია, რომელიც ძირითადად გრემის მფლობელი მუსიკოსებისგან კომპლექტდება.
წელსაც ჟიურის წევრები Lenny White, Randy Brecker და Mike Stern ყველაზე პრესტიული მუსიკალური ჯილდოს – “გრემის” მფლობელი და მრავალგზის ნომინანტები არიან.
ვიდეოს ატვირთვა ჯაზით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან 2016 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
ყოველწლიურად ჟიურისა და მაყურებლების ხმების დაჯამების შედეგად ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი ჯილდოს გარდა შესაძებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პრესტიჟულ ჯაზ გალა კონცერტში, რომელიც ნიუ იორკში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით იმართება.
ქართველი მონაწილეების ვიდეო კონკურსის ვებ გვერდზე აგვისტოს ბოლოს აიტვირთება, რის შემდეგაც მაყურებელს შეუძლია შევიდეს ვებ გვერდზე და ხმა მისცეს საქართველოს წარმომადგენლებს.
ხმის მიცემა ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ კი ნიუ იორკი 20 მაისს ტრადიციულად უმასპინძლებს გალა კონცერტს.