LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ქართველი მუსლიმი ვარ, შევეჯიბროთ საქართველოს სიყვარულში“ – დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე პრემიერს

121
ტარიელ ნაკაიძე

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდოდა აქ ყოფილიყავით და ჩემთვის თვალებში შემოგეხედათ “, – ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

დეპუტატმა მთავრობის მეთაურს უმცირესობების შესახებ მიმართა და თქვა, რომ ის, დღეს საქართველოს უმცირესობების ხმას წარმოადგენს. როგორც ტარიელ ნაკაიძემ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერს უთხრა, „ქართულ ოცნებას“ უფლებას არ მისცემს, რომ საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მოხაზონ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მონიშნონ.

„მე ვეფხისტყაოსნის გმირის, ტარიელის სახელს ვატარებ. მე დიდი ქართველი მამულიშვილების – მემედ ბეგ აბაშიძის, სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის, გულო-აღა კაი კაციშვილის, საიათნოვას, ილია ჭავჭავაძის, აზერბაიჯანელი ქალის, ფარი ხანუმ სოფიევას (რომელიც ასი წლის წინ დემოკრატიული საქართველოს ღირსებას იცავდა ამ ტრიბუნიდან), მათი შთამომავალი ვარ.

მე, ბატონო პრემიერო, ქართველი მუსლიმი ვარ. მინდა, კარგად იცოდეთ, რომ ქართველი მუსლიმი ვარ. ჩვენ ღირსეულად და თავისუფლად ჩავივლით რუსთაველის ქუჩაზე, ჩვენ ავაშენებთ მეჩეთებს, ეკლესიებს, სინაგოგებს. ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, მრავალფეროვან საქართველოს, რადგან ჩვენთვის ეს უმთავრესი სულიერების ტაძარია.

მაგრამ თქვენ არ მოგცემთ უფლებას, ჩვენს კითხვებს გვერდი აუაროთ. არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მოხაზოთ და მონიშნოთ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. არ მოგცემთ უფლებას, რომ ისინი მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში განიხილოთ. საქართველო ჩვენი სამშობლოა. ჩვენ მეტი სამშობლო არ გვაქვს, შევეჯიბროთ საქართველოს პატრიოტიზმში და  მის სიყვარულში.

ბოდიშს ვუხდი საქართველოს მოსახლეობას ასეთი ემოციური და ხმამაღალი გამოსვლისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ არ დამიტოვეთ სხვა შანსი. დაე, გაუმარჯოს მრავალფეროვან თავისუფალ საქართველოს!ღმერთო, დალოცე საქართველო!“ – მიმართა ტარიელ ნაკაიძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

magti 5g