LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი რეჟისორის ფილმი ლოკარნოს ფესტივალის საკონსკურსო პროგრამაშია

226

ანა ურუშაძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „საშიში დედა“ მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმართება.

რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ლოკარნოს კინოფესტივალი, რომელიც შვეიცარიაში 2017 წლის 2-12 აგვისტოს გაიმართება, საერთაშორისო მასშტაბით მაღალი კლასის კინოფორუმებს შორისაა.
ანა ურუშაძის პირველი ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია – პროექტმა სახელმწიფო სუბსიდია 2016 წელს მიიღო. ფილმი 2017 წელს დასრულდა და კოპროდიუსერი ქვეყანაა ესტონეთი. ფილმის პროდიუსერები საქართველოდან არიან ლაშა ხალვაში (სტუდია „არტიზმი“), თინათინ ყაჯრიშვილი (სტუდია „ჯემინი“) და ივო ფელტი (Studio Allfilms) ესტონეთიდან.

„საშიში დედა“ 
დრამაში მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

რეჟისორი

ანა ურუშაძე 1990 წელს დაიბადა. 2013 წელს დაამთავრა თბილისში კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი. რეჟისორს სრულმეტრაჟიან დებიუტამდე გადაღებული აქვს ორი მოკლემეტარჟიანი ფილმი.

 

ლოკარნოს კინოფესტივალი

შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში, კინოფესტივალი 1946 წლიდან იმართება და ცნობილია, როგორც ,,აღმოჩენების ფესტივალი’’, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. პიაცა გრანდე, ლოკარნოს ცენტრალური მოედანი, ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრია ღია ცის ქვეშ. აქ პროგრამის საუკეთესო ფილმებს რვა ათასი მაყურებელი ადევნებს თვალს.

2015 წელს ამ ფესტივალის ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამის გამარჯვებული ქართველი რეჟისორის დავით ფირცხალავას ფილმი “მამა” გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები