LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი რეზიდენტი ქირურგი, რომელიც ქალთა გულთამპყრობელი გახდა: „მადლობა ყველას დადებითი კომენტარებისთვის…“

2732
eqimi

გურამ ხუციშვილი ქირურგი რეზიდენტია, რომელიც საკუთარ პროფესიაში წარმატებულ მოღვაწეობაზე ოცნებობს და ამჟამად ამერიკულ კლინიკაში მუშაობს.

გურამის ფოტო, სადაც მას სამედიცინო ფორმა აცვია, ერთ-ერთ გვერდზე გამოაქვეყნეს. ერთმა გოგონამ კი ხუმრობით დაუწერა: „გამკვეთეთ, ექიმო…“

fortuna.ge სიმპათიურ ექიმს დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

მოგვიყევით, როგორ და რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა, კერძოდ, პლასტიკური ქირურგობა?

გურამ ხუციშვილი: 

ექიმობა ღრმა ბავშვობიდან მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახშიც და ახლო სანათესავოშიც ერთადერთი ექიმი ვარ და პირდაპირი გავლენა არ ჰქონია არავის, ყოველთვის მინდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. ქირურგია უფრო მოგვიანებით, უნივერსიტეტში სწავლის დროს გადავწყვიტე. სტუდენტობისას ხშირად ვესწრებოდი სხვადასხვა ოპერაციას და ვხედავდი, რა ძლიერია ის ემოცია, რომელიც საოპერაციო ოთახში შესვლისას გეუფლება. უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ის ადრენალინი, რაც თან ახლავს ამ საქმეს.

უშუალოდ პლასტიკური ქირურგია კი მე-4 კურსზე სწავლისას გახდა საინტერესო ჩემთვის. მაშინ ემერჯენსში ვმუშაობდი მედძმად, ღამით მორიგეობაზე შემოვიდა პაციენტი ხელის მტევნის საკმაოდ სერიოზული დაზიანებით, საჭირო იყო პლასტიკური ქირურგის გამოძახება და სასწრაფო ოპერაცია.

მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა მტევნის შემანარჩუნებელი ოპერაცია და მეც დიდი ინტერესით  ვიკავებდი ადგილს საოპერაციო მაგიდასთან, გაფაციცებით ვუმზერდი საოპერაციო არეს, ქირურგის ყველა ქმედება და ხელის ოსტატური მოძრაობა მინდოდა, ზედმიწევნით დამემახსოვრებინა. თვალს არ ვაცილებდი, არ მინდოდა, რაიმე მნიშვნელოვანს ჩაევლო ჩემი თვალთახედვის მიღმა.

გამთენიისას, როდესაც საოპერაციოდან გამოვედით, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მე შევუნარჩუნე ხელის მტევანი პაციენტს, ემოციებისა და შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. სახლში მისულმა კი პირველი, რაც გავაკეთე, ლიტერატურას ვეცი და დავიწყე კითხვა ამ ოპერაციის ტექნიკის შესახებ, მტევნის ანატომია გავიხსენე და ვცდილობდი, გონებაში აღმედგინა ის კადრები, რაც ვნახე… ამ დღის მერე მივხვდი, რომ პლასტიკური ქირურგია არის ის, რაც უნდა ვაკეთო მთელი ცხოვრება.

 

თქვენი ფოტოები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში. წერენ, რომ ასეთ ექიმთან მოხვედრის არ შეეშინდებათ. ამ კომენტარებს როგორ უყურებთ?

ჰაჰა, დიახ, საკმაოდ ბევრ სოციალურ პლატფორმაზე ვხედავ ჩემს ფოტოებსა თუ ვიდეოებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა დრო მაქვს იმისთვის, რომ კომენტარები სათითაოდ წავიკითხო. რაც მხვდება, ძალიან ბევრი პოზიტიური და დადებითი კომენტარია, რაზეც უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს. ბევრიც სახალისოა და მეც იუმორით ვუდგები. ზოგადად, ვცდილობ, ყველაფერში დადებითი დავინახო.

როგორ ზრუნავთ თქვენს გარეგნულ მხარეზე?

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანი ზრუნავდეს საკუთარ გარეგნობაზე. მე ექიმი ვარ. ექიმი კი საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ეტალონი და მაგალითი უნდა იყოს სხვისთვის. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. კვირაში 3 დღე სპორტული აქტივობებით ვარ დაკავებული: ძირითადად, ფიტნესდარბაზში, ასევე მაქვს კრივის ინდივიდუალური გაკვეთილები. როდესაც თავისუფალი დრო მრჩება, ტანგოს საღამოებზეც შევივლი ხოლმე ცეკვისა და განტვირთვისთვის.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g