LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ტურისტი უცხოელს ვერ გადაწონის: რა გველოდება ამ ზაფხულს, მერე შემოდგომაზე და როდის დადგება აღმავალი დრო

208
FORTUNA.GE (10)

საქართველოს მთავრობა იუწყებოდა, რომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა 1 ივლისიდან აღდგებოდა, თუმცა ფრენები აგვისტომდე არ განახლდება.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ტურიზმთან დაკავშირებით მთავრობის მთავარი ამოცანაა ის მონაპოვარი გაძლიერდეს, რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა და მოსახლეობის დაცვა ჰქვია.
რა ზარალი ექნება ქვეყანას ამ ყველაფრის ფონზე, შედგება თუ არა ტურისტული სეზონი, რა გავლენას მოახდენს ეკონომიკასა და ტურიზმზე, „ფორტუნასთან“ ეკონომისტმა და ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა.

 

ტურისტების ვერჩამოსვლა ჯაჭვურად აისახება მომსახურების ბევრ დარგზე: სასტუმროებზე, რესტორნებზე, გადაადგილების მომსახურებაზე, სუვენირებზე, გიდებზე – ეს კი მთელი ჯაჭვია, უნდა ველოდოთ თუ არა კრიზისს?

ჩვენმა ორგანიზაციებმა პროგნოზი უკვე გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონი წელს ვერ შედგებოდა.
ის, რომ მთავრობა ჯიუტად იმეორებდა, ივლისიდან საზღვრებს გახსნიდა, ერთი თვით კიდევ გადაიდო. რაც შეეხება კრიზისს, ნიშნები უკვე დიდი ხანია ჩანს, ხოლო თუ რა მასშტაბის იქნება კრიზისი ამას დაახლოებით 10 ივლისიდან გავიგებთ. ვგულისხმობ იმას, რომ 10 ივლისამდე გამოდის მეორე კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლები და შეგვეძლება 95%-იანი პროგნოზით გითხრათ რა და როგორ იქნება.
ტურისტული სეზონი რომ არ შედგება, ეს თავიდანვე ვიცოდით, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა ტურიზმი რაიმე განსაკუთრებულს გააკეთებს არ უნდა ველოდოთ, რადგან მოსახლეობა გადახდისუუნაროა.

არ არის გამორიცხული, კურორტებზე ასეთი ვითარება მივიღოთ

 

შიდა ტურიზმი წელს ალბათ გააქტიურდება, მაგრამ რამდენად გადაწონის ქართველი ტურისტი და შეავსებს უცხოელებს, რომლებიც ბუნებრივია უფრო მეტს ხარჯავენ?

გადაწონვაზე საუბარი ზედმეტია. გეტყვით, რომ შარშან 2019 წელს, სწორედ ივლისის თვეში დაფიქსირდა ტურიზმიდან შემოსული თანხების რეკორდული მაჩვენებელი, ეს იყო დაახლოებით 396 მილიონი დოლარი. ახლა, დაითვალეს და ეს მაჩვენებლები დაახლოებით 90%-მდეა შემცირებული.
მე შემიძლია მოგაწოდოთ ციფრები და დინამიკა:
იანვრის თვეში ტურისტების მხრიდან შემოსავალი დაფიქსირდა 193,4 მილიონი დოლარი;
თებერვალში 160, 5 მილიონი დოლარი;
უკვე მარტში 73 მილიონი დოლარი;
აპრილში 8,5 მილიონი დოლარი და მაისში შესაბამისად 9,1 მილიონი დოლარი.
ანუ ჯამურად, რომ შევადაროთ შარშანდელი წლის მონაცემებს იანვარ-ივნისამდე დაახლოებით ყველაფერი შემცირებულია თითქმის 90%-მდე.
მთელი ეს ფული ნაწილდებოდა არა ბიუჯეტზე, არამედ ყველა სექტორზე, რაც თქვენ მანამდე აღნიშნეთ.
წლიურ ჭრილში 2019 წელთან შედარებით, 2020 წელი 75-80%-ით იქნებოდა შემცირებული.

უცხოელი ტურისტების შემოდინება პირდაპირ აირეკლება ჩვენს ეკონიმიკაზე

 

აგვისტოდან რომც გაიხსნას ფრენები, ეს, ასე ვთქვათ, რამდენად “უშველის საქმე”. ერთი თვის აქტივობა გამოასწორებს სიტუაციას, ან საერთოდ თუნდაც ინერციით შეიძლება თუ არა, რომ უცხოელმა ვიზიტორებმა თავი შეიკავონ სხვა ქვეყნებში ჩასვლისგან?

დავუშვათ აგვისტოდან გაიხსნა ფრენები, შევხედოთ ტექნიკურ კუთხეს. ჯერ ადამიანები ელოდებიან სიტუაციას, სანამ ისინი გაარკვევენ სამომავლო ვითარებას, გადის დღეები, კვირები. გარდა ამისა, შემოვა  ტურიზმი აუცილებლად შემოიღებს ახალ რეგულაციებს, დაზღვევას კოვიდთან დაკავშირებით.
ყველაფერი ეს ჯამურად მაქსიმუმ შეიძლება ამოქმედდეს აგვისტოს შუა რიცხვებისკენ. 15 აგვისტოდან რომ მოინდომოს ვინმემ წამოსვლა, ტურისტული სეზონი უკვე მილავად რეჟიმში იქნება. ტურისტული სეზონი იწყებოდა მაისის თვის ბოლოდან.

საქართველოს აეროპორტებში ასეთი სურათი ალბათ კარგა ხანს ვერ იქნება

 

კიდევ ერთი: გამომდინარე იქიდან, რომ არავინ უწყის რა იქნება თუნდაც შემოდგომაზე და თან ქართულ ბიზნესში არსებულ სიტუაციასაც გავითვალისწინებთ, ჩვენი მოსახლეობა ალბათ მოერიდება დიდი დანახარჯების გაკეთებას და გარკვეულ დანაზოგსაც გააკეთებენ საშემოდგომოდ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან ნაკლები ხარჯით დაისვენონ. შეძლებს ამ შემოსავლებით ამდენი ბიზნესი “გადარჩენას” – სასტუმრო, რესტორანი, ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები… ასე ვთქვათ, ქართველი შიდა ტურისტი “შეინახავს” ამდენ ბიზნესს?

დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 91 000 ადამინმა დაკარგა სამსახური, ანუ არ აქვს შემოსავალი და დაჯდა დახმარებაზე, და ის ხალხი, რომლებიც თვითდასაქმებას ეწეოდნენ, დაახლოებით 80%-მა დაკარგა შემოსავალი.
გამომდინარე აქედან, დიდი ნაკადი რომ მიაწყდეს შიდა ტურიზმის ფარგლებში გამოვრიცხავ, ასეთი რამ არ მოხდება. რაც შეეხება იმას, ამ ფონზე „შეინახავს“ თუ არა ტურიზმის ეკონომიკა ქვეყანას, მიმაჩნია, რომ საერთოდ შეცდომა იყო ქვეყნის ეკონომიკის ჩამოკიდება ტურიზმზე და ვალუტის კურსის ჩამოკიდება ემოგრანტების შრომაზე, რომლებიც იქიდან დახმარებას ურიცხავენ ოჯახის წევრებს. ამაზეა ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული, როცა შეეძლოთ 8 წლის განმავლობაში ან წინა პერიოდში, წინა ხელისუფლების დროს, ნაწილობრივ დაეწყოთ რეალური ეკონომიკის სექტორების შექმნა.
შემოდგომაზე უკვე ვიცით რა იქნება, კარგი არაფერი სამწუხაროდ. ვგულისხმობ იმას, რომ კრიზისის მეორე ტალღა გამოჩნდება უკვე ივლისის 10-15 რიცხვიდან. ვხედავთ, რომ საფონდო ინდექსები, აქციების ფასები ისევ გაიზარდა, ეკონომიკის დარგები გაჩერებულია. ტალღა როდესაც იქნება, დავარდება საფონდო ინდექსები, აი ეს ტალღა წალეკავს მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და შემდეგ დომინოს პრინციპით ეს ყველაფერი გადმოვა ჩვენზე.

თქვენ ლარის კურსი ახსენეთ, კურსთან დაკავშირებით რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება, კიდევ ხომ არ გაუფასურდება?

ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ მაისის თვეში ლარის კურსი იქნებოდა 3.05-3.15-ის ფარგლებში და ასეც შესრულდა. ივნისის თვე – 2,97-3,05-ის ფარგლებში და აქაც შესრულდა.
ივლისის თვეში არ ვპროგნოზირებთ ლარის კურსის გაუფასურებას, თუმცა საფრთხეს ვხედავთ სექტემბრის 20 რიცხვიდან და შემდეგ დაიწყება გაუფასურების ტალღა.
ამ წუთას ლარი ამ კურსზე რომ არის, ეს არის შემცირებული იმპორტდამოკიდებულება, ასე განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას საშუალება არ აქვს და შემცირებულია მოთხოვნა. კონკრეტული ციფრების დასახლებისგან თავს შევიკავებ, რადგან აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე ჩვენი განცხადებები კურსთან დაკავშირებით.
აგვისტომდე ლარის კურისს გაუფასურება არ ელოდება, 20 სექტემბრიდან კი ველოდებით.

ლარს რყევა შესაძლოა სექტემბრის შუა რიცხვებისკენ დაეწყოს

 

ანუ შემოდგომით უნდა ველოდოთ ამ ყველაფრის რეალურ შედეგებს…

დიახ, დიახ ამის საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს. ვგულისხმობ იმას, რომ მთავრობამ თითქოს დაიწყო სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა, ჩაიკეტა საზღვრები, ყველა ქვეყანა გადავიდა ავტონომიურ რეჟიმზე, ექსპორტზეც გაძვირდა პროდუქტი და ჩვენ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა დავიწყეთ მაისის ბოლოდან. ფაქტობრივად, ჩააგდო მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი, რომელიც დაიწყო დაგვიანებით. შესაბამისად, არ ველოდები, რომ ქართველი გლეხი, ფერმერი იმაზე მეტ პროდუქციას მოიყვანს, ვიდრე მოიყვანა 2019 წელს.
გამომდინარე აქედან, შემოდგომა გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე 2019 წლის შემოდგომა იყო.

არც პროდუქტი იქნება ბევრი და მსყიდველუნარიანობაც დაიკლებს

 

და ზოგადად რა ვითარება შეიძლება შეიქმნას თავად ბიზნესისთვის უკვე შემოდგომის პერიოდზე?

ბიზნესისთვის შეიქმნება ისეთი ვითარება, როდესაც მოსახლეობა გადახდისუუნაროა: გადახდები შემცირებულია, წარმოებული პროდუქციის მოცულობაც შემცირებულია, მოთხოვნა ნაკლებია, შესაბამისად, ბიზნესი ვერ იქნება კარგ მდგომარეობაში, იქნება სავარაუდოდ, სამსახურებიდან ხალხის შემცირება.
რაც შეეხება ტურიზმს, ამ მიმართულებით, აღმავალი წელი 2021 წლის მაისის თვიდან დაგვეწყება.

 

როდის დადგება ისევ “კარგი ცხოვრება”?  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g