„ქართველები ძალიან კარგი ხალხია, ძალიან მიყვარხართ, თქვენ გაიმარჯვებთ“ – ამის შესახებ ბუდაპეშტში მყოფმა უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მთავარ არხს” განუცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის მხარდაჭერით ძალიან მადლიერია.
„საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე 5 წუთი და მართლაც მრავალი წელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. გვქონდა და გვექნება. ჩვენი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ამ სრულმასშტაბიანი ომის დროს და ჩვენც ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით რუსეთის საქართველოში შეჭრის წინააღმდეგი. დღეს ჩვენ არ გვაქვს კავშირები საქართველოს მთავრობასთან. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანია“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მთავარი არხის“ თარგმანის მიხედვით.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ბუდაპეშტში მიმდინარე ღონისძიებების დროსაც არ ჰქონია.
„კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ“. – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში გამართულ, 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენა საქართველოს არჩევნებზე და ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება:
„ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა“ – განაცხადა „მთავარი არხის“ თარგმანის მიხედვით ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებითვე, ის დარწმუნებულია რომ პაუზის მიუხედავად საქართველო მოახერხებს ევროკავშირის გზაზე წინსვლას.
„ქართველები ძალიან კარგი ხალხია, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, ვიცი, რომ თქვენ დიდი პაუზა გაქვთ ევროკავშირის გზაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ თქვენ იქ მოხვდებით. თქვენ გაიმარჯვებთ“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"მთავარი არხის" ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან"ქართველები ძალიან კარგი ხალხია, ძალიან მიყვარხართ, თქვენ გაიმარჯვებთ" | "მთავარი არხის" ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2024