საქართველოში მეწარმეები არჩევანს შემოსავლების ოპტიმიზაციის მიმართულებაზე აკეთებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მათივე მონაცემებით ქართველ მეწარმეებში პრიორიტეტები შეიცვალა და მათთვის უფრო ღირებული შემოსავლების ოპტიმიზაცია გახდა.
„სწორედ აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლები სოფლის მეურნეობისათვის გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს. შეიცვალა ძირითადი ტენდენცია; კერძოდ, თუ ადრე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები ტრადიციული კულტურების თესვაზე აკეთებდნენ არჩევანს, იმის მიუხედავად შეესაბამებოდა თუ არა მიწის თვისებები დათესილ კულტურას, ბოლო წლებში მათი მიდგომა შეიცვალა და ფერმერებმა შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით კულტურების ჩანაცვლება დაიწყეს“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება უფრო მომგებიანი პოზიცია ხდება ფერმერებისათვის, ამისთვის ქვეყანაში კლიმატური პირობებიც ხელსაყრელია. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური ხელშეწყობა უფრო გრძელვადიან და მდგრადი განვითარებისკენ წარიმართა, რასაც მრავალწლიანი ბაღების გაშენება წარმოადგენს. ამის მაგალითია პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში 4 ათას ჰექტრამდე ინტენსიური ტიპის ბაღები გაშენდა. ქვეყანაში ასევე გაიზარდა დაინტერესება სასათბურე ტექნოლოგიების მიმართულებით. კერძოდ, ბოლო 4 წლის მანძილზე სათბურების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2016 წლებში მიმდინარეობდა მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა, რაც პირდაპირ იყო მიმართული მიწის დამუშავებისაკენ და ბუნებრივია ნათესი ფართობების შედარებით მაღალ მაჩვენებელს იწვევდა. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირების სისტემა ყოველწლიურად კლებად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა, ხოლო 2017 წელს აღნიშნული პროგრამა აღარ განხორციელებულა და შესაბამისად, სამინისტროში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელსაც ფართობების შემცირების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ეს ფაქტორიც არის.
„ასევე მაღალი პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი სათესლე მასალა, მაღალი ხარისხის სასუქი და პესტიციდები, რაც უფრო ძვირია ფერმერისათვის. მაგრამ მაღალი მოსავლიანობა უფრო მომგებიანია, ვიდრე უფრო მეტ ფართობზე მოყვანილი დაბალი მოსავლიანობა“, – განაცხადეს სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ნათელია პროდუქტიულობის ზრდის მაგალითებიც. კერძოდ, ხორბლის შემთხვევაში, რომელიც მუდმივად 2 ტონაზე ნაკლები იყო, 2015 და 2016 წლებისათვის კი 2.6 ტონას შეადგენდა, ასევე მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი მიმდინარე წლისათვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევის მონაცემებით წელს მოსავალი 3 ტონამდე მიაღწევს.
„სოფლის მეურნეობის სფეროში ამ დადებითი ტენდენციებისა და გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში ერთწლიანი კულტურების ნათესების ფართობი მხოლოდ 10% -ით არის შემცირებული. თუმცა გარდამავალი პერიოდის შემდეგ მოსალოდნელია გარკვეულ დონეზე საქმიანობის ოპტიმიზაცია და დამუშავებული მიწის ფართობის ზრდა“, – განმარტავენ სამინისტროში.