ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს. საახალწლო ღონისძიებაზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტაქტიკური დაჯგუფება „მანჩუ“-ს მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი, ავღანეთის ნაციონალური ჯარის მე-4 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუჯტაფა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირები.
ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ტორტი გაჭრეს.