LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სწავლებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს

43
ქართველი სამხედროები Cambrian Patrol-ზე

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში Cambrian Patrol 2022 წარმატებით იასპარეზეს. ქართველი სამხედროები უელსიდან საქართველოში ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სწავლებაში მონაწილეობა J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მიიღო.

ქართველმა ჯარისკაცებმა 48 საათის განმავლობაში 70-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს და აღნიშნულ მარშრუტზე 10 სადაზვერვო დავალება წარმატებით შეასრულეს.

  • სადაზვერვო დავალებები დანაღმული ველის ამოცნობისა და გასასვლელების მოწყობას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, მოწინააღმდეგის ტექნიკის ამოცნობას, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას და მოწინააღმდეგის გამაგრებულ პოზიციაზე იერიშის მიტანას გულისხმობდა.

შეჯიბრი ჩრდილოეთ უელსში, მთიან რელიეფზე, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 30 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარულად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს.

სამხედრო სწავლება Cambrian Patrol ცნობილია, როგორც არმიის გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფმა Cambrian Patrol-ში მონაწილეობა უკვე მეშვიდედ მიიღო.

mazda magti 5g