წლების წინ ისინი მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ, პოპულარულ და შემოსავლიან ადამიანებს შორის იყვნენ, თუმცა სიმდიდრე მუდმივი მდგომარეობა არ არის მაშინაც კი, როდესაც საუბარი მილიონებზეა… ცხადია ეს ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. და მაინც, ვინ არიან ვარსკვლავები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს?
ნიკოლას ქეიჯი
ქეიჯი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია. 1996 – 2011 წლებში მისი ქონება 130 მლნ. აშშ დოლარად იყო შეფასებული ისეთ ფილმებში შესრულებული როლების წყალობით, როგორებიცაა „გატაცება 60 წამში“, „ეროვნული საგანძური“ და „ქართან მოსაუბრეები“.მხოლოდ 2009 წელს ქეიჯმა 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
თუმცა ძვირადღირებული მანქანებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა და უცნაურმა ახირებებმა, როგორიც მაგალითად დინოზავრების თავის ქალების კოლექციონერობაა, მსახიობი გაკოტრების პირას მიიყვანა. საბოლოოდ ქეიჯს თავისი უძრავ-მოძრავი ქონების მნიშვნელოვან ნაწილთან გამომშვიდობება მოუწია, თუმცა საბედნიეროდ, ბოლო დროს საქმეები კარგად მისდის და ხიდის ქვეშ ძილი ნამდვილად არ ემუქრება…
კორტნი ლავი
ანდაზა „ქარის მოტანილს ქარი წაიღებს“ ყველაზე მეტად კორტნი ლავს შეეფერება. კურტ კობეინის ქვრივმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ 200 მილიონი აშშ დოლარი და „ნირვანას“ მუსიკაზე უფლებები მიიღო, თუმცა წლების განმავლობაში „ნირვანას“ დანარჩენ წევრებთან მუდმივი კინკლაობების და სასამართლო პროცესების წყალობით ლავმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა და ვალები დაედო.
ნიკოლას ქეიჯი
ყველასთვის ცნობილი რეპერი კერტის ჯექსონი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებიდან, ვინც ოფიციალურად გაკოტრებულადაა გამოცხადებული, თუმცა ეს ასე შესაძლოა სულაც არ იყოს.
რეპერის თქმით, 2015 წელს გაკოტრების შესახებ მან სპეციალურად გამოაცხადა, რათ თავი დაეხსნა ადამიანებისაგან, რომლებიც მისთვის ფულის გამოძალვის მიზნით ნებისმიერი საბაბით სასამართლოში უჩიოდნენ.
დენის როდმანი
„ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდარული ტრიოს ყველაზე მეამბოხე წევრი სიაში შემთხვევით არ მოხვედრილა. როდმანი ყოველთვის თავისი ბოჰემური ცხოვრების სტილით იყო ცნობილი და მუდამ სკანდალებში ეხვეოდა. მისი უზარმაზარი ქონება არა მხოლოდ სამმა განქორწინებამ და ალიმენტებმა, არამედ ძვირფას ნივთებში ფულის უაზროდ ფლანგვამაც გაანიავა. ცნობილია, რომ ბოლო სასამართლო პროცესისას, რომელიც კალათბურთელის მესამე განქორწინების შემდეგ გაიმართა, როდმანს იმდენი ფულიც კი არ ჰქონდა, რომ თავისი ადვოკატების შრომა აენაზღაურებინა.
მაიკ ტაისონი
სპორტის კიდევ ერთი ლეგენდა, „რკინის მაიკი“, რომელმაც პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მუდმივი სკანდალებისა და სასამართლო პროცესების ფონზე გაკოტრდა. გაკოტრების შესახებ მაიკმა 2003 წელს გამოაცხადა, 2005 წელს კი კრივიდან წავიდა, თუმცა როგორც ჩანს სოლიდურმა შეთავაზებებმა თავისი ქნა და ტაისონიც დაუბრუნდა რინგს. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი სტეპლს ცენტრში გამართულ ორთაბრძოლაში როი ჯონს ჯუნიორს დაუპირისპირდა. მხოლოდ ამ ერთი ორთაბრზოლისათვის „რკინის მაიკს“ 10 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს.
ტონი ბრექსტონი
გაკოტრებული ვარსკვლავების სიაში აღმოჩნდა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული R$B შემსრულებელი ტონი ბრექსტონიც – 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი გამორჩეული ხმით და ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა Unbreak my Heart და Spanish Guitar. ბრექსტონს დღეის მონაცემებით 70 მილიონი ჩანაწერი და 41 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.
მომღერალმა გაკოტრების შესახებ 1998 წელს გამოაცხადა და ყველაფერი წარუმატებელ ბიზნეს-კონტრაქტებს დააბრალა, თუმცა თავისი როლი ბრექსტონის გაკოტრებაში ძვირადღირებული სახლების, ტანსაცმლის, ჩანთების და აქსესუარების სიყვარულმაც შეასრულა.
ვესლი სნაიპსი
თუ გავიხსენებთ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ, აუცილებლად გაგვახსენდება „ბლეიდის“ ვარსკვლავი, რომელიც 2010-13 წლებში აღნიშნული ბრალდების გამო პატიმრობაში იმყოფებოდა.
სნაიპსს მთავრობისაგან 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გადასახადების დამალვა დაუდასტურდა, რის გამოც სამი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა. სნაიპსთან ერთად მისი ფინანსური მრჩევლებიც გაასამართლეს.
პამელა ანდერსონი
გადასახადების დამალვის გამო პრობლემები „პლეიბოის“ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელს და ტელევარსკვლავს, პამელა ანდერსონსაც შეექმნა. გარდა ამისა, „მაშველების“ ვარსკვლავს საკმაოდ ძვირად დაუჯდა თავისი ორი განქორწინება და სახლის მშენებლობა კალიფორნიაში, რის შემდეგაც იგი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში არაერთმა კონტრაქტორმა დაადანაშაულა.
კიმ ბესინჯერი
კიმ ბესინჯერი ბონდის გოგონა და ბეტმენის გერლფრენდი იყო, თუმცა როლებით მიღებული შემოსავლის გაფლანგვა მანაც წარმატებულად მოახერხა. კიმის ცხოვრებაში ყველაზე სულელური ნაბიჯი ალბათ მაინც ჯორჯიის შტატში მდებარე პატარა ქალაქის ყიდვა იყო, რომლის სანაცვლოდაც მან 20 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.
მსახიობს პატარა ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ქცევა და იქ ატრაქციონების უზრმაზარი პარკის მოწყობა სურდა, თუმცა საბოლოოდ ბესინჯერი სწორედ თავისი გეგმების შეუსრულებლობის გამო გაკოტრდა…
სტეფან ბოლდუინი
ძმებ ბოლდუინების ყველაზე უმცროსმა წარმომადგენელმა გაკოტრების შესახებ 2009 წელს გამოაცხადა. უფროსი ძმებისაგან განსხვავებით, სტეფანის შემოსავლები ვერასოდეს სწვდებოდა ბოლომდე მის სელებრითულ მოთხოვნილებებს და ცხოვრების სტილს. ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც უმცროსი ბოლდუინის სახლში შეფარებული უსახლკარო მამაკაცი პოლიციამ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააპატიმრა. მიუხედავად მტკიცებისა, რომ ის მხოლოდ უსახლკარო ადამიანს დაეხმარა, ბოლდუინს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწია.