თურქეთის სამი მოქალაქე მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდა და მათ რაიმე სახის სამუშაოს წარმოების კვალიფიკაცია ან თუნდაც პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ, – ამის შესახებ ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაკავებული თურქეთის მოქალაქეების ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ და მათთვის ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა.
„ამჟამად დაკავებულები იყენებენ დუმილის უფლებას. ისინი არ აღიარებენ ჩადენილ ქმედებას. ჩვენ საქმის მსასალები არ გადმოგვცემია. ამ ეტაპისთვის ბრალის წარდგენა არ მომხდარა და სავარაუდოდ, შესაძლოა, დღეს მოხდეს. თუკი მათ აღნიშნული მუხლით წარედგინათ ბრალი, შესაბამისად, მოხდება სასამართლო სხდომის დანიშვნა. პირადი საუბრებით და აღწერით მათი მხრიდან რაიმე სახის ბრალეული ქმედება არ იკვეთება. ჩემთვის გაუგებარია ამ ეტაპზე რატომ მოხდა მათი დაკავება.
პასუხისმგებელი სულ სხვა კომპანია იყო, ეს პირები მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდნენ. მათ რაიმე სახის სამუშაოს წარმოების კვალიფიკაცია ან თუნდაც პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ“, – განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.
31 ოქტომბერს, ქედაში, ქვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვს ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში, ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.
ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, თურქეთის 3 მოქალაქე გუშინ დააკავეს.