ბერლინის შაუბუნეს თეატრის რეჟისორმა ტომას ოსტერმეიერმა სპეციალური პეტიცია შეადგინა, სადაც მსოფლიო ხელოვნების წამყვანი ადამიანები მოითხოვენ ვლადიმერ პუტინმა რუსი ხელოვანების დევნა შეწყვიტოს და ეს სფერო დიდხნიანი წნეხისგან გაათავისუფლოს.
საქმე ეხება რუს რეჟისორ კირილ სერებრიანიკოვის ბინისა და მოსკოვის თეატრში ჩხრეკის ჩატარებას. ცნობილია, რომ რეჟისორს სამართალდამცავები $3.5 მილიონის მითვისებას აბრალებენ. გამოძიება თაღლითობის ბრალდებით მიმდინარეობს.
მსოფლიოს წამყვან ხელოვანებს შორის ერთ-ერთი ოსკაროსანი მსახიობი ქეით ბლანშეტია, რომელმაც პუტინს ღია ბრძოლა გამოუცხადა და მოსთხოვა რუსი რეჟისორების დევნა შეეწყვიტა.
ბლანშეტის გარდა რუსი რეჟისორის დაჭერა ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა იზაბელ იუპერმაც გააკრიტიკა, ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას, მოლიერის პრემიის მიღების დროს სცენიდან ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას მწვავე შეფასება მისცა.
ახლა საშუალება მაქვს ხმამაღლა დავუჭირო მხარი ადამიანს, რომელზეც ძალიან ვღელავ – კირილ სერებრიანიკოვს. ბატონო პუტინო, თავი დაანებეთ კირილს. გირჩევთ, რომ მის სპექტაკლს დაესწროთ”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს იუპერმა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსი რეჟისორის დაჭერას დასავლეთში აჟიოტაჟი და მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა, რუსეთმა ფაქტთან დაკავშირებით პასუხი უცვლელი დატოვა და განაცხადა, რომ სერებრიენკოვის დაჭერას პოლიტიკური მოტივი არ აქვს.