რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ქეთი გაბისიანი სტუმრობდა, რომელმაც ქართული მუსიკის ფესტივალზე „მუს-სკივრი“ ისაუბრა.
ქეთი, მოგვიყევით ქართული მუსიკის ფესტივალზე „მუს-სკივრი“.
დამეთანხმებით, რომ სკივრი ძალიან მარტივად განსასაზღვრი ნივთია, რადგან მასში ინახება ისეთი ძვირფასი ნივთები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ამაშია ამ მუსიკის ფესტივალის კონცეფცია. სკივრი, სადაც არის ისეთი მუსიკა, როგორიცაა ბიძინა კვერნაძის, რევაზ ლაღიძის, სულხან ცინცაძის, გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება, იმ მუსიკოსების, რომლებზეც ჩვენ გავიზარდეთ. „მუს-სკივრის“ კონცეფციაში ისიც არის ჩადებული, რომ ჩვენი დროის გმირებსაც დავუთმოთ დრო. დღესაც გვყავს ჩვენ ისეთი კომპოზიტორები, მუსიკოსები, შემსრულებლები, რომლებიც უნდა დავაფასოთ და მეტი ასპარეზი მივცეთ.
პირველ დღეს, 25 სექტემბერს, გახლავთ ნიკა ნიკვაშვილი, „ოპერის კამერულ ორკესტრთან“ ერთად. სოლისტები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი სუხიტაშვილი გახლავთ. პირველ დღეს, მოისმენთ ჩვენს არაჩვეულებრივ მუსიკას, რომელიც ძალიან გვეძვირფასება.
28 სექტემბერს, გახლავთ ჯგუფი „The bookmarks“, რომელიც თავისი ინდივიდუალიზმით ძალიან გამოირჩევა. სულ ახლახან, ორ უმნიშვნელოვანეს აკაპელის საერთაშორისო ფესტივალზე იყვნენ, ავსტრიაში და გერმანიაში, საიდანაც გრანპრით დაბრუნდნენ.
28 სექტემბერს, მსმენელის წინაშე ასევე წარდგება თანამედროვეობის ერთ-ერთ მკაფიო კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, ზვიად ბოლქვაძე.
როდის დაგებადა „მუს-სკივრის“ იდეა, პირველად ვის გაუზიარე ის და რამდენი ხანია, რაც ამ პროექტზე მუშაობ?
ეს ფესტივალი პირველად 2020 წელს ჩატარდა „არტოს ბაღში“. მაშინ, მე და ბაკურ ბაკურაძემ გავაკეთეთ ეს პროექტი. გარე სივრცეს მაინც თავისი ხიბლი აქვს და ისეთი სილამაზე იყო, ეს მუსიკა გაფანტული ამ სივრცეში, ხეების შრიალი, ყვავილები და ხალხი შოკში იყო. იდეიდან დაწყებული, სათაურით, ყველაფერი ჩემი მოფიქრებულია.
ვისაუბროთ ჯგუფზე, რომელიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობს.
პროექტის განხორციელებაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს პროფესიონალურად და ძალიან გულისყურით, გულანთებულნი ეკიდებიან. არ შემიძლია, არ დავიწყო ნატო ბოჭორიშვილით, რომელიც ფუტკარივით შრომობს და ფესტივალის ისეთ მოლოდინშია, რომ არ ვიცი. მინდა აღვნიშნო პროექტის დირექტორი, ლაშა ბაშარული, რომელიც მთელი გულისყურით არის ჩართული, ასევე სცენარის ავტორი, ნინიკო ჯანჯალაშვილი, ია ლაცაბიძე.
განსაკუთრებული მადლობა „საქართველოს კულტურის სამინისტროს“ , „შემოქმედებით საქართველოს“ და „ქალაქ თბილისის მერიას“. დიდი მადლობა თქვენ, რადიო „ფორტუნას“ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის.
აღვნიშნოთ ფესტივალის სივრცე, რომელიც განსაკუთრებულად შეირჩა.
ეს სივრცე გახლავთ „ქარვასლა“. გუშინ, ნიკა ნიკვაშვილმა აღნიშნა ინტერვიუში, თქვენ იქ ნამდვილი თბილისი დაგხვდებათო. იქ საოცარი სილამაზე ტრიალებს. დიდი მადლობა ანა ჩანგიანს.
ფესტივალზე გელით გემოვნებიანი, ხარისხიანი მუსიკა, შესანიშნავი შემსრულებლები და ისეთი გარემო, რომ ვფიქრობ, დაუვიწყარი დღეები იქნება.
ქეთი, ძალიან ბევრ ღონისძიებას კურირებ, საკუთარი თავისთვის თუ გრჩება დრო?
არა და ცოტა მეტირება ამაზე.
იცით, რატომ მინდოდა „მუს-სკივრის“ ასე დაჟინებით დაბრუნება?! არსებობს ძალიან ბევრი ფოლკლორის ფესტივალი, კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ჯაზ ფესტივალი, მაგრამ რასაც მსუბუქ მუსიკას, ტრადიციულ, ქალაქურ მუსიკას ვეძახით ზუსტად ეს უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას იმ ხარისხში, რომ ქალაქური ფანოღისგან გავარჩიოთ.
როგორ ატარებ იმ მცირე თავისუფალ დროს, რაც გაქვს, რა არის შენთვის განტვირთვის საშუალება?
ვზივარ და ვისვენებ, არაფრის გაკეთება რომ არ გინდა, სრული გათიშულობა, სრული გამორთულობა, რადგან ძალიან დიდი ენერგია და რესურსი გადის ჩემგან. არ დამავიწყდება, „ქართული ხმების“ პროექტზე რომ ვმუშაობდი გამალებით, შუა ქუჩაში გავაჩერე მანქანა და სასწრაფო გამოვიძახე, ისე ცუდად ვიყავი.
როდესაც განსაკუთრებულ პროექტს აკეთებ, ყოველთვის გაინტერესებს, რას ამბობენ ის ადამიანები, ვისი აზრიც გასათვალისწინებელია, შენს შემთხვევაში, ვინ არის ასეთი ადამიანი, კონცერტის დასრულების შემდეგ, პირველ რიგში, ვის ეკითხები აზრს?
ჩემს მეუღლეს, ლევანს. ლევანს თავიდანვე ვეკითხები ხოლმე, როგორ ფიქრობ, მოვკიდო თუ არა ხელი ამა თუ იმ პროექტს-მეთქი. ლევანის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს.
რა არის ქეთი გაბისიანის წარმატების ფორმულა?
ჩემი წარმატების ფორმულა არის სიყვარული და შებყრობა იმ საქმით, რასაც ვემსახურები. მე ვარ ამით შებყრობილი, მარტო კი არ მიყვარს და ამას მოვუწოდებ ყველას, რადგან შედეგიანობას და რეზულტატს დებს ეს.