ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი ქეთი მელუა 27 ივნისს, 22:00 საათზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად Youtube-ზე საქველმოქმედო ონლაინ-კონცერტს გამართავს.
„ამ უცნაურ პერიოდში, ვცდილობდი, მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე, გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში COVID-19-ის კრიზისის პერიოდში“ – განაცხადა ქეთი მელუამ.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ქეთი მელუას ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვექნება ერთობლივი ძალებით მოვახდინოთ COVID-19-ის შედეგებზე რეაგირება. საქართველოს მასშტაბით წითელი ჯვრის 39 ფილიალი მოხალისეების ჩართულობით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ჰუმანიტარულ საქმიანობებს. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოგიწოდოთ ყველას ჩაერთოთ ქეთი მელუას საქველმოქმედო კონცერტში“ – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრზისის დაწყებისთანავე, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მონაწილეობს მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
პანდემიის პირობებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 80 000-ამდე ამანათი დაარიგა და კვლავ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მხარდაჭერას.