LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქლიავი – უამრავი დაავადების წინააღმდეგ

366
ქლიავი

ქლიავის უამრავი სახეობა არსებობს. ყველა მათგანს მისთვის დამახასიათებელი ფერი და სიმწიფე აქვს, თუმცა თითოეული მათგანის ღირსებაა თანაბარი შეფერილობა. სიმწიფის მიხედვით შეფერილობა თანდათან მუქდება. კარგი ფერი არ არის კარგი ხარისხის გარანტია. მას, კანზე არ უნდა ჰქონდეს ლაქები და სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა, ხელის დაჭერით კანი ოდნავ უნდა იზნიქებოდეს. ამავე დროს, იგი ძალიან რბილიც არ უნდა იყოს. თუ ძალიან მაგარია ნაყოფი, ეს ნაკლები სიმწიფის მაჩვენებელია, ხოლო მეტი სირბილე გადამწიფებულების. სიმწიფის კარგი ტესტია მისი სუნი და ტკბილი არომატიც. ქლიავი, ისევე როგორც ხილის უმეტესობა, მაცივრის პირობებში დაახლოებით ხუთ დღემდე ინახება. შენახვის პროცესში გამოიყოფა ქიმიური ნივთიერება ეთილენი, რამაც შეიძლება მის გვერდით არსებული სხვა პროდუქტის გაფუჭება გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, ქლიავი მაცივარში შენახვამდე მოათავსეთ კონტეინერში. მისი შენახვა გაყინული სახითაც შეიძლება. მანამდე კარგად გარეცხეთ, დაახარისხეთ, მოაცილეთ კურკები, დაჭერით მეოთხედებად და შემდეგ გაყინეთ.

ქლიავის უამრავ ჯიშს შორის ყველაზე პოპულარული და სასარგებლოა შავი ქლიავი. მისი შენახვა რეკომენდებულია ჩირის სახით. ამ მდგომარეობაში, იგი, სრულად ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს. ქართულ ჯიშებს შორის ყველაზე მაღალი შაქრიანობით გამოირჩევა ჭანჭური. მისგან დამზადებული ჯემი შაქრის დამატების გარეშეც გამოიყენება. შავ ქლიავს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ის მდიდარია: პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით. მას ახასიათებს საფაღარათო, შარდმდენი და ნაღვლმდენი თვისებები. შავ ქლიავს იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს. ანემიის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ის დიდი რაოდენობით რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას შეიცავს და სწორედ ამითაა განპირობებული მისი სისხლწარმომქმნელი სტიმულაცია.

ქლიავის მიღება ასევე კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროსაც. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანზე. შავი ქლიავი ფიტონციდების შემცველობის წყალობით გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით და ახასიათებს მადეზინფიცირებლი მოქმედება არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების დროსაც. შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია. ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს. ამიტომ, ის აუცილებლად უნდა მიირთვას მოწამლულმა ადამიანმა.

ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის, ორი კვირის განმავლობაში მიირთვით ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და ერთი კოვზი თაფლის ნარევი. ქლიავის მიღება არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები