ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის Green Resort-ის მშენებლობა იწყება. პროექტის პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მისი თქმით, ეს არის ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია, რომლის წყალობითაც აჭარა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა „ფიფას“ სტანდარტების საფეხბურთო, ასევე გოლფის და ჩოგბურთის მოედნები.
„დღეს ჩვენ აჭარაში, ჩვენი ქვეყნის ულამაზეს კუთხეში ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის რეალიზაციას. ჩვენ ვსაუბრობთ ნახევარ მილიარდიან ინვესტიციაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ქალაქის, ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათი მთელი საქართველოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ აჭარა გახდება ოთხ სეზონიანი კურორტი. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში.ჩვენი პროექტი, რომლის პრეზენტაციასაც დღეს ვესწრებით, იქნება მულტიფუნქციური. ჩვენ ვსაუბრობთ FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნებზე, საჩოგბურთო კორტებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგ გოლფის ინფრასტრუქტურაზე,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ხუთასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.