საქართველოს პროკურატურის და შვიდი ქვეყნის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, „ევროჯასტის“ მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
უწყების ცნობითვე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის, სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით ქმნიდნენ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქციური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე:
„ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.
ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
• ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა.
• ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
• ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.
ფარტომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება.
გამოძიების მიერ, ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას.
აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის, სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით ქმნიდნენ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.
ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.
ამ შემთხვევაშიც გამოძიება, გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, აქტიური თანამშრომლობით გაგრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.
საქართველოს პროკურატურა მადლობას ვუხდით მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს.ასევე აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის, ევროჯასტის წარმომადგენლებს.
საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, ბატონი ელჩის, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგის და დრეზდენის გენერალური პროკურატურების, ასევე ბავარიის და საქსონიის სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლებს მიმართ, და კიდევ ერთხელ გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისათვის მზადყოფნას“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.