ლიკა დუმბაძე ერთ-ერთი წარმატებული ქართველია, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორც ქორწილებისა და წვეულებების ორგანიზატორი.
მას იტალიელი მეორე ნახევარი ჰყავს და ახლახან, თავის რჩეულთან ერთად, შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, კიდევ ერთხელ აღნიშნა ქორწინება.
როგორია ქორწილების ორგანიზება, რა მოთხოვნები აქვთ ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს, ამის შესახებ ლიკა დუმბაძე ექსკლუზიურად ესაუბრება fortuna.ge-ს.

ლიკა, რას საქმიანობთ იტალიაში? როგორც ვიცით, ქორწილების ორგანიზატორი ხართ. როგორც დაიწყეთ ეს საქმიანობა, რამდენი წელია, რაც ამ მიმართულებით მუშაობთ და როგორია თქვენი ხელწერა?
ღონისძიებების ორგანიზების სფეროში დაახლოებით 8 წელია ვარ ჩართული. იტალიაში ქორწილების ორგანიზატორად ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ და ჩემი კომპანია Lika Dumbadze Celebrations უკვე ერთ-ერთი წარმატებული სააგენტოა.
მაგისტრატურა ესტონეთში დავამთავრე ველნესისა და მომსახურების დიზაინის მიმართულებით, შემდეგ გაცვლით პროგრამაზე ბარსელონაში წავედი, სადაც ავირჩიე ღონისძიებების ორგანიზების სპეციალიზაცია და იქ შევიძინე თეორიული ბაზა.
ამ პროფესიაში ყოფნა ჩემთვის სრულიად ბუნებრივად განვითარდა, ბავშვობიდანვე მიყვარდა დეტალებზე ზრუნვა, ადამიანების შეკრება, გახარება და განსხვავებული გარემოს შექმნა.
ჩემი ხელწერა გამოირჩევა ბუნებრიობით, ელეგანტურობითა და ადგილობრივი ატმოსფეროს გათვალისწინებით. ქორწილებსა და ღონისძიებებს ვგეგმავ არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საბერძნეთში, თურქეთში და საქართველოშიც, ამიტომ ჩემი თითოეული პროექტი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია.
ჩემთვის ქორწილებში მთავარია არა მხოლოდ ვიზუალური სილამაზე, არამედ ინდივიდუალობა, თითოეული ქორწილი უნდა ირეკლავდეს წყვილის ისტორიას, მათ ხასიათსა და ღირებულებებს.

საინტერესოა, მოგვითხროთ იმ განსაკუთრებული რამდენიმე ქორწილის შესახებ, რომლებსაც თქვენ გაუწიეთ ორგანიზება. თუ გქონიათ უცნაური თხოვნები პატარძლის ან სიძის მხრიდან?
ჩემთვის ყოველი ქორწილი განსაკუთრებულია. შეიძლება, ჩემთვის ეს იყოს მეასე ქორწილი, მაგრამ წყვილის ცხოვრებაში ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღეა, ამიტომ ყოველ ღონისძიებას უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ვუდგები და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი ჩავდო.
წყვილის მხრიდან მოლოდინი, როგორც წესი, ძალიან მაღალია, რაც ჩემთვის ერთდროულად გამოწვევაცაა და უდიდესი მოტივაციაც. მათი იდეების, ემოციებისა და ფანტაზიების რეალურობად ქცევა არის ჩემი საყვარელი ნაწილი ამ პროცესში.
ფანტაზიებს კი ქორწილებში ნამდვილად არ აქვს საზღვარი, ზოგს სურს ცხენით შემოსვლა ცერემონიაზე, ზოგს კი უნდა, ბეჭდები მისთვის საყვარელმა ძაღლმა შემოიტანოს.
ერთ-ერთ ქორწილში ძაღლს სპეციალურად ამ დღისთვის შეკერილი ბაფთა ეკეთა და ცერემონიაზე მოწესრიგებულად მოაბიჯებდა სტუმრებს შორის, ყველასთვის დაუვიწყარი მომენტი იყო.
ასეთი თხოვნები ჩემთვის არასოდეს არის პრობლემა. პირიქით, სწორედ ამ დეტალებში იბადება ქორწილის უნიკალურობა. მთავარია, რომ იდეას ჰქონდეს გულწრფელი ემოცია და უკავშირდებოდეს წყვილის ნამდვილ ისტორიას. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი თავის ადგილას დგება და დღის მაგია თავისით იქმნება.

რომელი იყო ყველაზე მდიდრული ქორწილი და თუ საიდუმლო არ არის, რა ჯდება იტალიაში ქორწილის გადახდა?
ისე მოხდა, რომ ჩემი ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე ამალფის სანაპირო, ტოსკანა, კომოს ტბა – თითქმის ყველა ქორწილი გარკვეულწილად მდიდრულია, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული ქორწილი ნამდვილად გაიმართა რაველოში, ამალფის სანაპიროზე მდებარე ულამაზეს Vila Cimbrone – ში, რომელიც წყვილმა და მათმა სტუმრებმა მთლიანად იქირავეს სამი დღის განმავლობაში.
ერთი საღამოსთვის ჩამოვიყვანეთ DJ მილანიდან, ბენდი ტოსკანადან, ყვავილების დეკორი 40-ზე მეტი კომპოზიციით მოეწყო. თითოეული დეტალი, დაწყებული კერძებითა და ღვინით, დამთავრებული ბარის კოქტეილით პრემიუმ ადგილობრივი პროდუქტებით იყო შერჩეული. სტუმრებისთვის მოეწყო დახვეწილი სუფრა ზღვის ხედით, სანთლებით განათებული ბაღი და ცერემონია ცოცხალი სიმებიანი მუსიკით.
ღირებულება? ასეთ ტიპის ქორწილები, 100–150 სტუმარზე, ხშირ შემთხვევაში ჯდება 80,000-დან 200,000 ევრომდე, თუმცა საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ლოკაციაზე, ვენდორების შერჩევასა და წყვილის პრიორიტეტებზე.
რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ყოველთვის არ უნდა იყოს დიდი. შესაძლებელია ინტიმური, 20–30-სტუმრიან ქორწილებს, სადაც ბიუჯეტი 20,000–40,000 ევროს ფარგლებში რჩება და ისინიც არანაკლებ დაუვიწყარია.

რაც შეეხება ქართველებს თქვენს კლიენტებს შორის…
ეს ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურია. პირველი ქართული ქორწილი სორენტოში დავაორგანიზე და მას შემდეგ ნელ-ნელა მეტმა ქართველმა გაიგო ჩემ შესახებ.
ბოლო წლები იმდენად დატვირთული ვიყავი ქორწილებით, რომ სოციალურ ქსელშიც კი ვერ ვასწრებდი პოსტების განთავსებას. ამასობაში კი, დიდმა პორტფოლიომ და გამოცდილებამ შეუმჩნევლად მოიყარა თავი. მოხარული ვარ, რომ ხალხმა ახლა დაიწყო ჩემი აღმოჩენა.
ჩემი მომხმარებლების დიდი ნაწილი მოდის word of mouth-ით (ინფორმაციის ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემა – ავტ.შენ.), რაც ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის. ეს ნიშნავს, რომ წყვილებიც და მათი სტუმრებიც კმაყოფილები არიან და რეკომენდაციას უწევენ ჩემს მომსახურებას.
ძალიან ხშირად მიკავშირდებიან ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში, ან საქართველოში და სურთ ქორწილის აღნიშვნა იტალიაში.
აქაური გარემო, არქიტექტურა, ბუნება, ატმოსფერო ქართველებს განსაკუთრებით უყვართ.
ასევე, წყვილები სულ უფრო ხშირად ეძებენ თბილ ქვეყნებში ქორწილის გადახდის ალტერნატივებს, ისეთ ლოკაციებს, რომლებიც მათთვის არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზია, არამედ ემოციურად მნიშვნელოვანია და წყვილთან განსაკუთრებულ კავშირშია.
ხშირად ქორწილის ადგილი ირჩევა არა პოპულარობის, არამედ პირადი ისტორიის, მოგონების ან გრძნობის მიხედვით, იქნება ეს ქვეყანა, სადაც პირველად იმოგზაურეს ერთად, ადგილი, სადაც ხელის თხოვნა მოხდა, ან უბრალოდ ის გარემო, სადაც კარგად გრძნობენ თავს.

ახლახან თავად გქონდათ ქორწინების შვიდი წლის იუბილე თქვენს იტალიელ მეორე ნახევართან ერთად. მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ამბავი და ასევე – ამ ღონისძიების შესახებაც, რომლის ფოტოებიც ვიხილეთ თქვენს გვერდზე…
დიახ, 7 წელი გავიდა ჩვენი ქორწინებიდან. ერთმანეთი 11 წლის წინ, ესტონეთში გავიცანით, სადაც მაგისტრატურაზე ერთად ვსწავლობდით. მაშინ რაფაელმა ჯერ კიდევ არ იცოდა, სად მდებარეობდა საქართველო, ხოლო დღეს ის პატარა ქართველი გოგონას მამაა. ვერც ერთი წარმოვიდგენდით, რომ იმ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა ასე დიდხანს გაგრძელდებოდა და საბოლოოდ, ოჯახის შექმნით დასრულდებოდა.
ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში გადავიხადეთ. იმ პერიოდში რაფაელის ბაბუა ახალი იყო გარდაცვლილი და არ გვქონდა საზეიმო განწყობა. თეთრი კაბის ჩაცმა არ მინდოდა. ქორწილამდე ორი დღით ადრე მაღაზიებში გავიარეთ და რაფაელმა შეარჩია კაბა ძალიან სადა, ლამაზი და ფერადი კაბა, რომელიც ქორწილში მეცვა.
პირადად არაფერი მქონდა დაგეგმილი, თუმცა ყველაფერი თავისით ისე კარგად გამოვიდა. რაფაელის მამამ შეუკვეთა ბუკეტი და ბეჭდები, ხოლო რაფაელმა სიურპრიზი გამიკეთა, საქართველოდან ჩემი დის და საუკეთესო მეგობრის ჩამოსვლა დააორგანიზა. ქორწილის წინა დღეს სახლში ვიყავი, როცა კარი გაიღო და თავზე დამადგნენ, სიხარულისგან გული თუ არ გამიჩერდა, არ მეგონა!
ქორწილის დღეს, იტალიური ტრადიციის მიხედვით, მეფე ცერემონიის ადგილას ელოდება პატარძალს, თუმცა რაფაელმა ტრადიციულ დალოდებაზე არ ისურვა, შემოაჯდა ვესპას, გზაზე დამხვდა და თვითონ მიმიყვანა ცერემონიაზე.
აპერიტივი პატარა, ადგილობრივ ბარში გვქონდა, ხოლო ვახშამი, იქვე მდებარე რესტორან Garden-ში. ეს იყო ძალიან სპონტანური, უბრალო და ლამაზი დღე.

ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ არანაირი სტრესი არ გვქონია. სწორედ ამაზე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ ჩემს წყვილებთან მუშაობისას. ხშირად ხუმრობით ვამბობ, რომ ქორწილის ორგანიზატორი ნახევრად ფსიქოლოგიც არის, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად იდეალურადაა დაგეგმილი ყველაფერი, მთავარია, წყვილმა შეძლოს ამ დღისგან სიამოვნების მიღება.
ქორწილი, ალბათ, ყველაზე ემოციური ღონისძიებაა წყვილის ცხოვრებაში, ამიტომ, ორგანიზატორის როლი მხოლოდ ლოჯისტიკით არ შემოიფარგლება. ის უნდა იყოს იქ, როგორც საუკეთესო მეგობარი და ოჯახის წევრი. უნდა იგრძნოს წყვილის განწყობა, იცოდეს, როდის სჭირდებათ მხარდაჭერა და იყოს ყოველთვის მზად დასახმარებლად…

ინტერვიუ: ნინო მურღულია