რეჟისორი სანდრო ელოშვილი წერს სოხუმელ გოგონაზე, რომელმაც სოხუმი დატოვა და თბილისში ჩამოვიდა. მას ბავშვობიდან
„ჩემმა მეგობრებმა ჩემი გიჟი მეგობარი, სოფო კიზირია ხომ იცით? ხმალამოღებული რომ დარბის სადაც ადამიანს უჭირს, საოკუპაციო ხაზი იქნება თუ თავად დევნილი სხვა ქვეყნიდან დევნილებისთვის რომ აგროვებს დახმარებებს.
ჰოდა, სოფო სოხუმელია, მისი და სოხუმში ცხოვრობს, ფოტოზე ქრისტინაა, სოფოს დის შვილი, რომელიც 18 წლისაა. 2004 წელს დაიბადა სოხუმში.
ქრისტინას დაბადებიდან სკოლაში თუ უბანში, მეგობრებისგან თუ მეზობლებისგან მხოლოდ ცუდი ესმოდა ქართველებზე, მაგრამ სოფო რისი სოფოა?! ყველა გზით და საშუალებით რაც კი ჰქონდა საკონტაქტო, წლების განმავლობაში ისე ქნა, რომ 18 წლის დამოუკიდებელმა და თავისუფალმა ქრისტინამ თქვა, რომ ქართველია, თქვა რომ აფხაზეთი საქართველოა, დატოვა მშობლები, დატოვა საკუთარი სახლი და ადგილობრივ დონეზე კომფორტული და უზრუნველყოფილი ცხოვრება და შეიძლება ითქვას, საკუთარი ნებით იქცა დევნილად დეიდასთან ერთად თბილისში, რომელსაც არც სახლი აქვს და არც კარი.
თუმცა ამ პოსტს სოფოს პრობლემების მოსაყოლად არ ვწერ.
ქრისტინა სულ სხვა ტემპორიტმიდან, სხვა ცხოვრებიდან, სხვა ეპოქიდან და სხვა დროდან მოხვდა მისთვის აბსოლუტურად უცხო სამყაროში, სადაც მარტო ის იცის რომ, როგორც სოხუმი, თბილისიც მისი სამშობლო – საქართველოა!
უჭირს, მაგრამ ცდილობს ქართულად ისაუბროს, სწავლობს… მიდრეკილია ხელოვნებისკენ, გამუდმებით წერს და აკეთებს ჩანაწერებს თავის დღიურში…
მას მეგობრები დარჩა სოხუმში, მისი ტოლი გოგონები და ბიჭები, რომლებიც მუდამ ეკითხებიან რა ხდება თბილისში, როგორ მოსწონს აქაურობა და ა.შ.
სანამ რუსეთი ფიქრობს, როგორ მიიერთოს აფხაზეთი, ქრისტინა და მისი მეგობრები ჩვენი პატარა იმედი და შანსია, რომ იქნებ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენგან გამომდინარე მათიც! იქნებ ამ თაობას, რომელიც პირდაპირ “მოცემულობაში” დაიბადა, მოვუყვეთ ჩვენზე… ჩვენს ტკივილებზე… იმ ადამიანების ცრემლიან თვალებზე, რომლებიც მუდამ ენგურს გადაღმა იყურებიან!
თუკი ერთმა სოფომ, Messenger-ით თუ Viber-ით მოახერხა, იქნებ ჩვენც მოვახერხოთ…
იქნებ ის არაფრის მომცემი, რიგითი ათ ნაბიჯიანი ხიდი ენგურზე, ისევ არაფრის მომცემ ხიდად იქცეს, ისეთად როგორიც გადადის საქართველოს ყველა მდინარეზე და აღარ იყოს ჩვენი ფიქრების დასასრული…
ვინმეს თუ განსხვავებული ხედვა და დამოკიდებულება გაქვთ ამ ამბავთან, გთხოვთ კომენტარებისგან თავი შეიკავეთ და ვინც მეთანხმებით…
მოკლედ, ქრისტინას ჩვენი დახმარება სჭირდება.
ფინანსური? არა!
მას, უბრალოდ, სჭირდება მეგობრები…
დადის თბილისის ქუჩებში და გვიყურებს ჩვენ და ჩვენ როგორ გამოვიყურებით ქუჩებში, ჩვენს თავზე თუ არა, ერთმანეთზე მაინც შეგვიმჩნევია.
ჩემო მეგობრებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო, გთხოვთ, ძალიან გთხოვთ! თუკი ვინმეს გაქვთ რაიმე სამოყვარულო წრეები, ცეკვის, სიმღერის, თეატრის, ხატვის… თუკი გაქვთ რაიმე კულტურული პროექტები, ღონისძიებები, დაპატიჟეთ ქრისტინა, იმეგობრეთ ქრისტინასთან, დაეხმარეთ ადაპტაციაში, დაეხმარეთ სწავლაში, დაეხმარეთ, უცხოდ არ იგრძნოს თავი საკუთარ ქვეყანაში…
ქრისტინა ჩვენ დაგვეხმარება ვიყოთ უკეთესები, დავლაგდეთ ჩვენს მიზნებში, იდეალებში… ის მოგვიყვება, როგორია სოხუმი…
მჯერა, მალე ერთად დავბრუნდებით!“