სააქციო საზოგადოება ,,მინას” ქსნის ქარხანაში მუშაობა სრულად შეჩერებულია. ამ დროისთვის, გაფიცულია ქარხნის ყველა თანამშრომელი. არ მიმდინარეობს ბოთლების დამზადება, აღარ ხდება არც მანამდე დამზადებული ბოთლების გადატვირთვა, რადგან გაფიცულები არიან მძღოლებიც.
როგორც ,,ფორტუნას” საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, გაფიცვის მიზეზი ხელფასების მატებაზე უარის თქმაა.
,,2014 წლის გაზაფხულზე ქარხანაში მეორე ღუმელი აშენდა და კომპანიის წარმადობა 2-ჯერ გაიზარდა. ამის მიუხედავად, დასაქმებულები არ დაუმატებიათ, შესაბამიად, დასაქმებულების შრომის ნაყოფიერება გაიზარდა. მანამდე თუ 4 000 შეფუთვა ბოთლს აწარმოებდნენ, ახლა 7 000-ს აწარმოებენ. შესაბამისად, მათ გაუჩნდათ იმის ლეგიტიმური უფლება, რომ ხელფასი მომატებულიყო. კომპანიამ ხელფასი მხოლოდ 6%-ით გაზარდა, რაც ხელფასის მომატება არ არის – ეს მხოლოდ იდექსაციაა, როდესაც ინფლაცია ხდება. საწარმოო სიმძავრეების გაზრდის გამო, ხელფასის მატება არ მომხდარა. გასული წლის ზაფხულში, დასაქმებულებმა ხელფასის 30%-ით მატება მოითხოვეს. დაანგარიშებით, 47%-ით მატების მოთხოვნის უფლება ჰქონდათ, რადგან სწორედ ამდენით გაიზარდა მათი შრომის ნაყოფიერება”, – განმარტა თამაზ დოლაბერიძემ.
მისივე ინფორმაციით, დასაქმებულების მეორე მოთხოვნა ადგილობრივ და დარგობრივ პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადება და ქარხნის ტერიტორიაზე ადგილობრივი პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამოყოფაა.
გაფიცვის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლებს დასაქმებულებისთვის რაიმე შეთავაზება არ გაუკეთებიათ. თუ 24 საათის განმავლობაში გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილდება და კომპანია გარკვეულ დათმობებზე წამოვა, გაფიცვა შეწყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უვადო იქნება.
ქსნის მინის ტარის ქარხანამ ფუნქციონირება 1987 წელს დაიწყო. ქარხანაში სხვადასხვა სახის ბოთლებსა და ქილებს აწარმოებენ. ამ ეტაპზე, ,,მინაში” 225 ადამიანია დასაქმებული. აქედან 170 მუშაა, დანარჩენი კი ადმინისტრაციის წარმომადგენელი.