„ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებითა და ულვაშით შვილი და დაგდებულს რომ შავებში ჩაცმული პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, იმ ბიჭის დედა ვარ, ახლა ვნახე კადრები, არ მაჩვენებდნენ, მიფრთხილდებოდნენ“, – ამის შესახებ ზვიად მაისაშვილის დედა რადიო „თავისუფლებას“ უყვება.
მისი თქმით, დიღმის იზოლატორთან გამთენიას მივიდნენ. მათი ერთი შვილი დაკავებულია, მეორე ნაცემი.
როგორ ელენე ჯანჯალია ამბობს, დაზუსტებით არ იცის, სად გადაიყვანეს დაკავებული 24 წლის გიორგი მაისაშვილი, 23 წლის ზვიადის ცემის კადრები კი რადიო თავისუფლებასთან საუბრამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს.
ცნობისთვის, ზვიად მაისაშვილს პოლიცია ფიზიკურად 30 ნოემბერს გამთენიას რუსთაველის გამზირზე გაუსწორდა.ზვიად მაისაშვილი ტროტუარზე ძირს აგდია.
მომხდარს პირდაპირ ეთერში იღებდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თეონა ჭალიძე.
„რობოკოპები ჩამოვიდნენ რუსთაველზე ზედა ქუჩიდან. მე სანამ ლაივი ჩავრთე ხელები ამიკანკალდა, იქამდე ვხედავდი, რომ ურტყამდნენ, ჯგუფური თავდასხმა იყო მასზე”, – იხსენებს თეონა ჭალიძე.
ვიდეოში ჩანს, რომ ზვიად მაისაშვილს, რომელიც წამოდგომას ცდილობს, პოლიციელი წიხლს ურტყამს, მის გარშემო კი ათობით შავებში ჩაცმული და აირწინაღიანი პოლიციელია შეგროვილი. ფიზიკურად ძალადობენ კიდევ ერთ აქციის მონაწილეზე.
„ნუ ურტყავთ“, – ყვირიან მომხდარის შემსწრე მოქალაქეები ვიდეოში. წაქცეული ახალგაზრდა წამოდგომას ცდილობს, რა დროსაც პოლიციელები ბრუნდებიან და დამატებით, კიდევ, ჯამში, სამჯერ ურტყამენ წიხლს სახეში.
გიორგი მაისაშვილი გზაზე ზურგით ეცემა, ორი პოლიციელი მოდის, უყურებს წაქცეულს და სიარულს აგრძელებს. აქციის მონაწილეებს ნაცემი მაისაშვილი ხელით გაჰყავთ.
უგონოდ იყო, როგორც მეუბნებიან. ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი აქვს გატეხილი. ვესაუბრე, არაფერი ახსოვს“, – ამბობს ელენე ჯანჯალია და ამატებს:
„ზვიადიზე ანგარიშსწორების ადგილიდან ხუთ მეტრში დააკავეს ჩემი მეორე შვილი გიორგი“.
ნაცემი ზვიად მაისაშვილი ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. ელენე ჯანჯალიას თქმით, მას მომხდარი არ ახსოვს.
რაც შეეხება, მის ძმას, გიორგი მაისაშვილის ზუსტი ადგილსამყოფელი მშობლებისთვის უცნობია. როგორც მშობლები ამბობენ, დიღმის იზოლატორთან დგანან და სიახლეს ელოდებიან.
წყარო: რადიო „თავისუფლება“