თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, თურქმენეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
„აღნიშნული დერეფანი მნიშვნელოვანია როგორც იმ საქონლისა და მომსახურების გატანისათვის, რასაც აწარმოებს თურქმენეთი, ასევე, ნავთობ პროდუქტებისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის. ჩვენთვისაც მნიშნელოვანია ამ მიმართულებებით მოხდეს მოწოდების დივერსიფიკაცია. ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კარგი პერსპექტივაა,“ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, თუქმენეთში სამუშაო შეხვედრების ფორმატში ბევრი მნიშვნელოვანი შეთანხება იქნა მიღწეული.
”ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, ასევე გაფორმდა შეთანხმება „ანაკლიის განვითარების პორტსა“ და „თურქმენბაშის პორტს“ შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც თურქმენეთისთვის, ეს ვიზიტი სასარგებლო იქნება” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ცნობისთვის, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, ასევე გაიმართა ქუმისიშვილის ორმხრივი შეხვედრები თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.