„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამეგრელოში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მანუჩარ გაბუნია და მამუკა ლაგვილავა დუმილის უფლებას იყენებენ, – ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა ჯიტა გულუამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მათ ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.
„გამოძიება გვეუბნება, რომ აქვთ საკმარისი მტკიცებულება, თუმცა ამის თაობაზე ბრალის წარდგენის შემდეგ იქნება ცნობილი. ორივეს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ“, – აღნიშნა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.
რაც შეეხება მესამე დაკავებულის უფლებადამცველს, ის ჯერ კიდევ პოლიციის შენობაში იმყოფება.
ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი 20-მდე პირიდან უმეტესობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა. მათი ადვოკატების ინფორმაციით, ისინი გამოკითხვაზე მხოლოდ მოწმის სახით იმყოფებოდნენ და „ქურდულ სამყაროსთან“ არანაირ კავშირში არ არიან.
სამართალდამცავებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ – ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად “ბონჩო”), სტავრო ბაირამიდთან – (ზედმეტსახელად “როკო”), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.
ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.