„ეპიზოდ დეველოპმენტი“ – კომპანია, რომელმაც ქუთაისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა განიზრახა, პირველ ოქტომბერს უკვე პირველი პროექტის კაფსულას ჩააგდებს და ეს იქნება სამშენებლო მიმართულება, რომელიც მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს მოიცავს.
გეგმები საკმაოდ მასშტაბურია და როგორც კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, მის კომპანიას უკვე შვილობილი კომპანიები – episode development, episode Hotels და creative episode აქვს დაფუძნებული.
პირველი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ქუთაისში ახალგაზრდა დეველოპერი და მარკეტერი გეგმავს, არ იქნება მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსი. როგორც გიორგი ჟორჟოლიანი გვიყვება, პროექტის ფარგლებში, კორპუსს თავისი სარესტორნო სივრცე, ბრენდირებული ბაზარი, ღია და დახურული ტიპის აუზი, სპა და ფიტნესის ცენტრი, „ლაუნჯები“ ექნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი საშუალო სეგმენტის მომხმარებლისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა მარკეტერმა სამშენებლო სექტორში წასვლა, რა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა და რა ხედვები აქვს ქუთაისის განვითარებისთვის, აღნიშნულზე გიორგი ჟორჟოლიანმა „ფორტუნასთან“ ისაუბრა:
გიორგი ჟორჟოლიანი: მრავალი წელი მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით ვმუშაობდი, მათ შორის სამშენებლო სექტორშიც. ბოლო პერიოდში, რამდენიმე დიდი პროექტის კომერციული დირექტორი ვიყავი და შესაბამისად, ჩემი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა დეტალში ჩართვა მიწევდა და გამოვიდა ისე, რომ ამ მიმართულებით, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე.
ზოგადად, მარკეტინგიც ისეთი მიმართულებაა, რომ ყველა ტიპის მომხმარებლის აზრს ითვალისწინებ, ამავდროულად ხარ შუამავალი მომხმარებელსა და კომპანიას შორის, შესაბამისად სრულად ერთვები კომპანიის საქმიანობაში, იქნება ეს სამშენებლო თუ მომსახურების მიმართულება, რადგან მომხმარებელს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდო.
როცა იგებ და ხვდები, რა სჭირდება მომხმარებელს, რა არის სუსტი წერტილი ბაზარზე, შემდეგ უკვე ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესის განხორციელება, ჩემი აზრით, ყველაზე მარტივია, რადგან უკვე იცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს.
– რა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა, როცა ამ სფეროდან სამშენებლო სექტორში გადაინაცვლეთ და რატომ მაინც და მაინც ქუთაისი?
– ქუთაისში სამშენებლო მიმართულება გადავწყვიტე იმიტომ, რომ ქუთაისელი ვარ და მინდოდა ჩემი ცოდნა, გამოცდილება ამ ქალაქში ჩამედო. მართალია ბანალურად ჟღერს, მაგრამ რეალურად, ჩემი მამოძრავებელი ძალაც ის იყო, რომ როცა ამ ქალაქიდან წავედი, ვთქვი, რომ ქუთაისში აუცილებლად დავბრუნდებოდი. მინდა ამ ფორმით დამკვიდრებული სტერეოტიპი დავამსხვრიო, რომ თითქოს რეგიონებიდან დედაქალაქში მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან.
მივესალმები მათ, ვინც დედაქალაქში მოღვაწეობს, თუმცა აუცილებელია არ დაგვავიწყდეს, საიდან მოვდივართ და რა არის მთავარი – თუ ყველა თბილისში წავა, ეს ადგილები, მნიშვნელობა არ აქვს სოფელია, ქალაქი, განუვითარებელი დარჩება.
თუ არ დავბრუნდით, განვითარებაზე არ ვიფიქრეთ, ჩვენს შვილებს იგივე მომავალი დარჩებათ, რაც დღესდღეობით ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა, უპირველეს ყოვლისა იყო დაბრუნება და შემდეგ უკვე კონკურენტული ბაზრის შესწავლა, თუ რა სჭირდება ჩემს ქალაქს.
– საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ პირველ პროექტი ეკონომ კლასის იქნება, თუმცა ამავდროულად, ბევრ ისეთი მომსახურებას მოიცავს, რაც მრავალფუნქციურ კომპლექსში ერთიანდება. როგორ მოახერხებთ ამ სერვისების შეთავაზებას ეკონომ კლასის ფარგლებში?
– რეალურად, ეკონომ კლასის მშენებლობა ყველასთვის მარტივი გამოსავალია და თავიდან, როცა მშენებლობას იწყებენ, ფიქრობენ, რომ იქ პრეტენზია ნაკლებად განხილვადია. შესაბამისად, ჰგონიათ, რომ ეკონომ კლასის მშენებლობით ნებისმიერი ტიპის პრობლემა შეიძლება გადაიფაროს.
მინდა, ჩემს ქუთაისელებს ეკონომ კლასის მნიშვნელობა გავაგებინო, რაც მაინც და მაინც არ ნიშნავს იმას, რომ როცა ადამიანი ეკონომ კლასს ყიდულობს რაღაც სერვისებით არ უნდა ისარგებლოს და ეს დამატებით ფუფუნებაა.
რეალურად, ეს დამატებითი ფუფუნება სულაც არაა, შეიძლება მშენებელმა საშუალო ხარისხი დაიჭიროს, მარტივი გათვლები გააკეთოს, მაგალითად, მასალის მომწოდებელი შეცვალოს, საზღვარგარეთიდან შემოიტანოს, რამაც საბოლოო ჯამში, პროექტი გაცილებით გააიაფოს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მომწოდებელს ხელს კრავ.
ეს არის გამოცდილება, რომელსაც წლების განმავლობაში ვაგროვებთ და ვიცით, ვინ არიან მთავარი მომწოდებლები და შესაბამისად, შეგვიძლია 40-50%-ით ნაკლებად შემოვიტანოთ მასალები და ეკონომ კლასის მშენებლობას მივცეთ ის ფუფუნება, რაც ქართულ ბაზარზე არაა.
რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი კომერციულია, მაგრამ ამ ინიციატივით მინდა ყველას დავანახო, რომ მთავარი ფულის შოვნა არაა და რომ ამის ხარჯზე, მომხმარებელი დაჩაგრული არ უნდა იყოს. რაც შეეხება განსხვავებას, თუ მაგალითად სპა ცენტრი 8 იზოლირებული საუნით არსებობს და მეგა პროექტებში მასშტაბურია, ეკონომ კლასში ეს შეიძლება იყოს ორი ტიპის და ასე სხვა სერვისებშიც.
ეკონომ კლასი არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მხოლოდ 4 კედელი უნდა იყიდოს, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იფიქროს, რომ კომპანიამ მისი კომფორტისთვის იზრუნა. ქუთაისში სწორედ ამ სტანდარტის დაფუძნება მინდა.
გარდა ამისა, ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე – ბათუმში, თბილისში და წლის განმავლობაში დაემატება კიდეც, თუმცა სათავო ოფისი ქუთაისში დარჩება. შეიძლება ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ რეალურად, ჩემი დიდი მოტივაცია იყო, ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის მეთქვა, რომ შეიძლება სასწავლებლად დედაქალაქში ან საზღვარგარეთ წახვიდე, მაგრამ მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნა შენს ქვეყანას მოახმარო.
პროექტის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მობინადრეებს დათქმულ ვადაში ჩაჰბარდებათ. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელსაც „ეპიზოდ დეველოპმენტი“ წამოიწყებს, წელიწადნახევრიდან 2 წლამდე გაგრძელდება.
– სამშენებლო მიმართულება დღევანდელ მოცემულობაში საკმაოდ განვითარებულია და მით უფრო, დიდ ქალაქებში, როგორ აპირებთ ბაზარზე კონკურენციასთან გამკლავებას?
– ამაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კონკურენცია მტრობას არ ნიშნავს, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაში აღიქმება. ჯანსაღი კონკურენცია კომპანიის ექვსჯერ უფრო სწრაფად განვითარების შესაძლებლობას ქმნის, შესაბამისად პირიქით, ეს როგორც ჩემთვის, ისე ჩემი გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა.
ძალიან მახარებს, რომ ჩემი გუნდის წევრები ძალიან მოტივირებულები არიან და რაც მთავარია, ყველა ჩვენგანს ქუთაისი გვაერთიანებს, რაც ჩემთვის მთავარი ღირებულებაა და რითაც ჩვენი კომპანია, სხვა რიგითი კომპანიებისგან განსხვავდება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი მიზანი მხოლოდ კომერცია არაა, ჩვენთვის მთავარია განვითარება და ის, რომ ადამიანებს განსხვავებული პროდუქტი შევთავაზოთ, არ ვსაუბრობ მხოლოდ სამშენებლო მასალებზე და ა.შ, მნიშვნელოვანია მიდგომები, ის, რაც ჩვენს კომპანიას სხვებისგან გამოარჩევს.
ასევე, როგორც უკვე გითხარით, დეტალები, რაზედაც დიდი კომპანიები და დეველოპერები გათვლებს არ აკეთებენ და უფრო სხვა კუთხეებს მიჰყვებიან, ჩემი აზრით, ეს დამატებითი მოტივაცია იქნება და სხვა კომპანიებს მისცემს ბიძგს, უფრო მეტად გაიზარდონ, განვითარდნენ, რადგან ეს მიდგომა ჯანსაღ კონკურენციას შექმნის.
– გარდა ამ პროექტისა, უფრო გრანდიოზული გეგმებიც გაქვთ და ქუთაისში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შეყვანასაც გეგმავთ, რომელიც საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი პროექტია, მოგვიყევით რას მოიცავს ეს პროექტი…
– პირველ რიგში, გეტყვით, რომ დასაწყისში, ეს არის „ეპიზოდ დეველოპმენტის“ პირველი და მეორე პროექტები, რომელიც 2 უბანში განთავსება და მისი ინვესტირების თანხა 30 მლნ ლარია, ხოლო რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ესაა „ეპიზოდ ჰოტელსი“, რაც მოიცავს საერთაშორისო ბრენდის, პირველი 5 ვარსკლავიანი სასტუმროს მშენებლობას ქუთაისში.
ამ პროექტის ღირებულება დაახლოებით 300-400-მდე მილიონის ფარგლებში იქნება. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ბრენდის ისეთ ქალაქში შემოყვანა, რომელშიც ის საერთოდ არაა, რთულია, შესაბამისად, ძალიან რთული პროცესის გავლა გვიწევს.
2023 წლის იანვარ-თებერვალში, ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება და 1 წლის განმავლობაში მშენებლობას დავიწყებთ. ეს ქუთაისისთვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ქალაქმა ახალი გამოწვევები მიიღოს.
ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ „ეპიზოდ ჰოტელსის“, არამედ მთელი ქუთაისის პროექტი იქნება. სასტუმროში დაახლოებით 250 ნომერი იქნება, თავისი უამრავი სერვისით: რესტორნები, „ლაუნჯები,“, სპა და ფიტნესის ცენტრები.
– და ბოლოს, მინდა გკითხოთ არქიტექტურასა და ვიზუალურ ნაწილზე, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ქუთაისია, შესაბამისი არქიტექტურა იყოს, იმისთვის, რომ ქალაქმა იერსახე შეინარჩუნოს და ამავდროულად, თანამედროვე ტენდენციებს ფეხი აუწყოს. ვინ იქნებიან ამ პროექტის ავტორები და რა ხედევები გაქვთ ამ კუთხით?
– ამ ნაწილს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი დაგეგმარება, არქიტექტურა ექნება, როგორი ვიზუალი ექნება პროექტს, რამდენად ხარისხიანად წავა დაპროექტება. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გემუშავება არქიტექტორი, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ესა თუ ის მდებარეობა.
დადუნა შათაშვილს ძალიან ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარული აქვს ქუთაისის მიმართ. როგორც კი ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, პირველი რაც იყო, გადავწყვიტეთ, რომ „არტიტექსთან“ გვეთანამშრომლა.
დღევანდელ რეალობაში, ყველა დამეთანხმება, რომ დიდი ქალაქები – თბილისი, ბათუმი მშენებლობებით ძალიან გაჯერებულია, ქუთაისი ამ მხრივ მოიკოჭლებს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს იმის პოტენციალი ძირითადი იერსახე შეინარჩუნოს, არ დამახინჯდეს დიდი კორპუსებით, არ ამოვარდეს ისტორიული კონტექსტიდან და ა.შ, რესურსი ნამდვილად არსებობს.
აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იმუშავებს არქიტექტორი – ეს იქნება კომერციულად გათვლილი, დამკვეთზე მინდობილი თუ არქიტექტორი, რომელიც თავის ხედვას წარადგენს, ქალაქის მნიშვნელობას შეინარჩუნებს და ამავდროულად დამკვეთის ინტერესებსაც გაითვალისწინებს, ისე, რომ ქალაქის იერსახე არ დაამახინჯოს. ამისთვის კი დადუნასა და კომპანია „არტიტექსის“ ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩემთვის ძალიან მაგარი ამბავია ის, რომ კომპანიას და არქიტექტორს, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, ამ პროექტში, ქუთაისში შეგვყავს. ეს ჩემი კომპანიის ძლიერი მხარეა.