„მე ვუთხარი, რომ როგორც მსოფლიო ბანს ჰქონდა ჩემი უდიდესი პატივისცემა და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდები-თქო. ეს არის ჩემი უფლება,“– ამის შესახებ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირინე ლომინაძემ განაცხადა.
მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საოპერო მომღერალთან, პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა.
როგორც ლომინაძემ აღნიშნა, მას არ სურდა პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძის გაცნობა.
ამასთან, ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ საუბარი შენობაში შესვლასა და დასის გაცნობაზე არ ყოფილა.
„ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, რომ სურდა შემოსვლა. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში.
მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს ჰქონდა ჩემი უდიდესი პატივისცემა და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდები-თქო. ეს არის ჩემი უფლება.
მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც პაატა ბურჭულაძე დგას. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას ეთქვა, რომ შეხვედრა სურდა დასთან და მე ამის დაშლის უფლება მქონდა?“- განაცხადა ირინე ლომინაძემ.
ცნობისთვის, საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ქუთაისის თეატრში მუსიკოსებსა და მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრა მოულოდნელად ჩაიშალა.
როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, მას სურდა თეატრის მენეჯმენტს ქუთაისის მერობის კანდიდატისთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“, ხატია დეკანოიძისთვის საკუთარი პრობლემები გაეცნო, თუმცა დაგეგმილი რეპეტიცია გაუქმდა და მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა.
