ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ივნისიდან ქუთაისსა და ალმათის შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყება. ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – FlyArystan ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით მეხუთე მიმართულებას დაამატებს. ალმათიში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იქნება შესაძლებელი.
მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ალმათი მნიშვნელოვანი დანამატია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, ასევე, საქართველოს ავიაბაზრის და ტურიზმის სექტორისთვის.
„წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება პარტნიორ ყაზახურ ავიაკომპანიასთან FlyArystan. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყება პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ალმათის შორის. ამით ფრენების სიხშირეთა რაოდენობა კვირაში 15-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე, საქართველოში ფრენები ყაზახეთის 4 ქალაქიდან ხორციელდება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.