ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში 25 წლის პატიმარმა თავი მოიკლა. ინფორმაციას “ფორტუნას” სპეციალური პენიტენციური სამსახური უდასტურებს. უწყების ცნობით, მამაკაცს ოჯახიდან დაურეკეს და დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, რის შემდეგაც პატიმარმა ემილ ხოფერიამ თავი მოიკლა.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გარდაცვლილი გვიან ღამით საკუთარ სახლში გადაასვენეს. ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, პატიმრისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექციათ. მათივე მტკიცებით, ცხედარი დასახიჩრებულია, რის გამოც ისინი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. ხოფერიებისთვის საეჭვოა გარდაცვლილის ის წერილიც, სადაც ბრალდებული თვითმკვლელობაზე საუბრობს.
ემილ ხოფერია ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, მას სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.
