ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა. მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ.
დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.