ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენები COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფონზე დაწესებული რეგულაციების გამო შეაჩერა, ქუვეითსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენით დაინტერესებულია და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს აღადგენს. ინფორმაციას ქუვეითში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა და საელჩოს მრჩეველმა იოსებ გამგონიძემ შეხვედრა გამართეს ქუვეითის Jazeera Airways-ის წამომადგენლებთან. ქუვეითის მხარის მიერ მოთხოვნილი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქუვეითსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლება, რომელიც შეჩერებული იქნა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებით.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ავიაკომპანია Jazeera Airways-ზე ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ოპერირებისთვის ნებართვა 10 მაისიდან პერიოდზე აქვს გაცემული. Jazeera Airways რეისების განხორციელებას კვირაში 3 სიხშირით იწყებს, ხოლო 1-ლი აგვისტოდან მეოთხე სიხშირესაც ამატებს.