დღეს, 11:00 საათზე კოსტავას ქუჩაზე ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქცია გაიმართა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ”ავტორადიო” ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს დაუკავშირდა.
– როგორ ჩაიარა აქციამ და რას ელოდებით დღევანდელი დღისგან?
– დღევანდელი აქცია ემსახურებოდა მძღოლებისათვის და ქვეითებისათვის კიდევ ერთხელ ინფორმაციის მიწოდებას უსაფრთხოდ მოძრაობასთან დაკავშირებით. ძალიან გასახარია, რომ კერძო კომპანია, ისეთი როგორიც არის ”კია მოტორსი” ჩაერთო ამ კამპანიაში. მინდა ბევრმა კერძო კომპანიამ მიბაძოს მას, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სექტორის წარმომადგენლები ვიქნებით, ქუჩაში ჩვენ ყველანი საგზაო მოძრაობის მონაწილენი ვართ და ყველა ჩვენგანს სჭირდება უსაფრთხოდ გადაადგილება. მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ გზა დაუთმონ ქვეითს ზებრა გადასასვლელზე და ასევე ქვეითებსაც მოვუწოდებთ, რომ ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი გადასასვლელით. თბილისში 20-ზე მეტ შუქნიშანთან გაჩნდა სხვადასხვა რჩევები ქვეითებისთვის: ”გადასვლამდე გაიხედე”, ”დაელოდე მწვანეს” და ა. შ.
– როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს რჩევები?
– როგორც წესი, ქვეითები ამბობენ, რომ მძღოლებმა უნდა დაიცვან წესები, მძღოლები კი ამბობენ, რომ ქვეითები არღვევენ. ფაქტია, რომ საჭიროა უფრო ძლიერი კამპანია და ადმინისტრირება. ყველა კვლევის შედეგად იკვეთება შემდეგი: თუკი იქნება ჯარიმა, თუ იქნება პოლიციის მიერ მკაცრი აღსრულება, დაემორჩილებიან, რადგან ჯარიმის გადახდა არავის სურს. საპატრულოსაც მოვუწოდებ და ვიცი, რომ მიიღებენ ისინი ამას, მეტი ყურადღება მიაქციონ ქვეითებისა და მძღოლების უფლებამოსილებას. არ არის საჭირო პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა, გაფრთხილებაც საკმარისი იქნება.
– შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
– ვატარებთ სკოლებში როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ გაკვეთილებს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, ქუჩაში, სახლში, ყველგან უნდა ესმოდეთ, რომ დაიცვან წესები, ეს არის ერთ-ერთი უნარი, რომელიც თავის გადარჩენაში გვიწყობს ხელს.
– მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს კამპანია, რა შედეგი გაქვთ?
– მხოლოდ ცნობიერების ამაღლება საქმეს ვერ უშველის. უნდა ხდებოდეს პატრულის გააქტიურებაც. ყველა ქვეყანაში, სადაც ამ კუთხით კარგი შედეგი მიიღეს, მოხდა ორმხრივი დარტყმა – ერთი პატრულის მხრიდან და მეორე საგანმანათლებლო კუთხით.
– რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ საჭიროა პატრულის გააქტიურება, არ არის აქტიური?
– ამ ბოლო დროს პატრული ნამდვილად გააქტიურდა დგომა გაჩერების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა ქვეითებთან და მძღოლებთან მიმართულებაშიც გააქტიურდნენ. შესაძლოა დაჯარიმებული ადამიანი გაბრაზდეს… თუნდაც აღნიშნული შემთხვევა, რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. ყველა შემთხვევაში პატრული უნდა იყოს ძალიან აქტიური.
აუდიო ჩანაწერი