ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობა იწყება, რომელიც 4 წელიწადში დასრულდება.
პროექტი მოიცავს 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობასა და 1 ხიდის რეაბილიტაციას, ასევე, საცალფეხო გადასასვლელების, საფეხმავლო ბილიკების, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელებსა და სხვა.
პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.
მშენებლობისას გამოიყენებენ მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობისთვის გამოიყენება. გვირაბის გასაყვანად ჩინეთიდან საქართველოში სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. თიბიემი ჩამოვა.
გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.
პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.
ქვეშეთი-კობის გზა მიყვება თეთრი არაგვის კალაპოტს 7 კმ. სიგრძის მონაკვეთზე.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.
უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ დასრულდება მისასვლელი გზის მშენებლობა.