LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას ტურისტები შემოდგომიდან გაეცნობიან

73

იუნესკოს დაცულ ნიმუშთა ჩამონათვალში შესული ქვევრის დამზადების ტექნოლოგიებს ტურისტები შემოდგომიდან გაეცნობიან.

როგორც ,,ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, სოფელ იყალთოში ,,ქვევრის სახლი”   შემოდგომაზე გაიხსნება.

მათი ინფორმაციით,  ამჟამად ქვევრის სკოლა-სახელოსნოს, მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია პირველი სართულის კედლების ამოყვანა და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები.

,,პროექტის განხორციელების მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო, კერძოდ, ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. ამას გარდა, ობიექტს ექნება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება.

„ქვევრის სახლში“ ასევე  იქნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე. ამასთან, ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი.

,,პროექტის ძირითადი ბენეფიციარები  კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები იქნებიან, სადაც ისინი გაუმჯობესებულ პირობებში  გაეცნობიან ქართულ ძირძველ ტრადიციებს და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების წესი და შენარჩუნებულ იქნეს უძველესი ტრადიციები.” – განაცხადს ფონდში.

ამჟამად, სამშენებლო სამუშოებზე 70 ადამიანია დასაქმებული. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2  328 315  ლარია. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g