თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ვარაუდობს, რომ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს, პარლამენტში არჩევნების შემდეგ განაახლებენ.
როგორც სოციალურ ქსელში ოქრუაშვილი წერს, რომ თუ არჩევნებს მოიგებენ, ამ კანონპროექტზე აუცილებლად განაახლებენ საუბარს და თან, მარიხუანას არა როგორც სამედიცინო კუთხით, არამედ ნარკოტიკს გაყიდიან.
“ყველაფერი ძალიან მარტივადაა.
მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ. მისი განხილვა გადადეს ანუ დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ განაახლებენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აუცილებლად განაახლებენ თუ არჩევნებს მოიგებენ.
ნათლად გამოჩნდა, რომ მარიხუანის კულტივაციის ინიციატორი პირადად ბიძინა ივანიშვილია და ამ საკითხს დღევანდელი ხელისუფლება (მათივე კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ) უყურებს, როგორც დამატებითი ფულის შოვნის საშუალებას. ასევე ნათლად გამოჩნდა რომ მარიხუანის კულტივაციაზე საუბრისას სიტყვას “სამედიცინო მიზნებისთვის” იშვიათად და დროდადრო იყენებენ იმის მიხედვით თუ რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მარიხუანის, როგორც ნარკოტიკის გაყიდვას ფიქრობენ.
მეუფე იაკობის გულში ნახევრად მჯიღით საუბარი, რომ შემპირდნენ განხილვას აღარ განაახლებენ და მე ვერ გადამაგდებენო, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. ბიძინამ თუ მოინდომა მაგას კი არა სინოდის მთელ შემადგენლობას გადააგდებს. თან აუცილებლად გადააგდებს, რადგან პირველად მოუხდა უკან დახევა ეკლესიასთან. თანაც გადაგდება მისი ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის ( პირადი გამოცდილებით ვამბობ).
2015 წელს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “რაპტორის” აქციებით ვაჭრობისას ივანიშვილმა 800 მილიონი ნაღდი ფული დაკარგა ანუ მისი ქონების 20% და შესაძლოა მისი ფულადი რესურსების 50%იც. ამაზე ბევრი ეხვეწა ჯერ ამერიკელებს უკან დამობრუნეთო, შემდეგ ჟენევის სასამართლოში ედავა მის ბანკირს, მაგრამ უკან ვერაფერი ამოიღო. მის მორღვეულ ჯიბეს კი, ფაქტია, ვერც სიგარეტის თითო კოლოფიდან ამოღებული 2,5 თეთრი შეავსებს და ვერც ჩვენი ჯიბიდან ლარის გაუფასურებით ამოღებული ფული.
ასე რომ მის ჯიბეს შევსება სჭირდება. რით? მარიხუანით.
“წამლის ბარიგებს” ხალხი იმიტომ ვერ იტანს, რომ ისინი წამლის კი არა “სიკვდილის გამყიდველები” არიან. ანუ ჩვენი ქვეყანა მალე “სიკვდილის ექსპორტს” დაიწყებს იმისათვის, რომ ივანიშვილის მორღვეული ჯიბე შეივსოს.
ყველაფერი ასე მარტივადაა”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.