LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“ – საქართველომ იაპონიას, იტალიას, ავსტრალიას და სხვა დიდ ქვეყნებს აჯობა

50
208642352-4164497160306578-1241933408607792005-n

ამერიკული ორგანიზაციის Freedom House – ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის (Freedom on the net 2021) თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.

ინდექსში ქვეყანას მინიჭებული აქვს 77 ქულა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 ქულით მეტია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ინდექსში მე-9 ადგილზეა სტატუსით “ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით”.

საქართველო ინდექსში უსწრებს ისე ქვეყნებს, როგორებიცაა: იაპონია, იტალია, ავსტრალია, აშშ და სხვ. 2011 წელს საქართველოს ჰქონდა “ნაწილობრივ თავისუფალი ინტერნეტ სივრცის” სტატუსი, 2012 წელს კი მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილი ეკავა.

2021 წლის დეტალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ განაგრძობს ზრდას მოსახლეობის მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი, რომლის დასტურად მოყვანილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური მონაცემები, აგრეთვე საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმება და 2020 წლის იანვარში საქართველო მთავრობის მიერ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 5 წლიანი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება, რომლის მიზანია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონში საქართველოს ციფრული და საინფორმაციო ჰაბად გარდაქმნა, კონკურენციის სტიმულირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული უნარების განვითარება და სხვა.

ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99 პროცენტი, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, საუბარია სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საბითუმო ინტერნეტ მომსახურებების მიწოდება ტელეკომ ოპერატორებისთვის, აგრეთვე საპილოტე პროექტის დასრულება ოზურგეთში, სადაც 49 დასახლებულ პუნქტში, 29 000 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინტერნეტი და მეორე საპილოტე პროექტის დაწყება ქობულეთში.

„ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რაც 2018 წელს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ქვეყნის კონსტიტუციაში აისახა. ჩვენ ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის წვდომა საგანათლებლო რესურსებთან, კავშირების დამყარება ბიზნეს პარტნიორებთან, საკუთარი პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და ა.შ. საქართველო დღეს აღიარებულია ქვეყნად თავისუფალი ინტერნეტ სივრცით. ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებები მიმართულია იქითკენ, რომ გავხდეთ რეგიონული ციფრული ჰაბი, რაც ქვეყანას მისცემს დამატებით შემოსავლებს, ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს,“ – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მიღწევები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები