ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კობა გვენეტაძემ ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ფინანსური სტაბილურობა ის უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაზეც ეროვნულ ბანკია პასუხისმგებელი და რომელიც ყველაზე მეტადაა მგრძნობიარე არაპროგნოზირებადი გარემოსა და ფაქტორების მიმართ.
„გადაწყვეტილებები, რომელიც ეროვნული ბანკის გუნდმა ხანგრძლივი დისკუსიების, სცენარების შეფასების, ანალიზის შედეგად მიიღო, სწორედაც რომ ამ სიტუაციის შესაფერისი იყო, ანუ, არ იყო რადიკალური – ინფლაციის კონტროლი რეფინანსირების განაკვეთის მატებით ხდებოდა, მაგრამ ეს მატება იყო ფრთხილი და მოზომილი, ისე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესს არ დასწოლოდა, მაგრამ ინფლაციის კვლავ შემცირების პერსპექტივა მაინც შენარჩუნებულიყო. დღეს ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია, ქვეყანამ გაიარა ურთულესი პანდემიის პერიოდი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტება პანდემიის პირობებშიც განაგრძო.
ეროვნული ბანკი ზოგჯერ მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს – კობა გვენეტაძე