ექიმი ვახტანგ კალოიანი შეზღუდვების მოსალოდნელ მოხსნას ეხმაურება და თვლის, რომ 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის.
„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით გადატვირთულია კრიტიკული მედიცინის და რეანიმაციის განყოფილებები მძიმე პაციენტებით და მე არ მგონია, რომ სისტემამ უსაფრთხოდ გაუძლოს იგივეს, რაც იყო დეკემბრის პირველ ნახევარში, ოქტომბრის დასაწყისში ან სექტემბრის ბოლოს ბათუმში. ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი შეზღუდვების მოხსნა. არ ვარ დარწმუნებული, რომ გახსნის შემთხვევაში ხელისუფლება მოახერხებს ადეკვატურად მართოს ნაკადები და მართოს იმ შეზღუდვების შესრულება, რაც იქნება დარჩენილი.
გაიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან სავაჭრო ცენტრები - მინისტრთან შეხვედრა დასრულდა
"მათგან მოწოდებულ ყველა არგუმენტს, რა თქმა უნდა, მოვახსენებ უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას"
ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, კატასტროფული „შავი პარასკევი“, არჩევნები და ბევრი მსგავსი ფაქტია, რომელიც არ გვაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ მოხსნის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიყოთ. ჩემი აზრით, იანვარ-თებერვალი მოგვიწევს მეტ-ნაკლები შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ. დღეს 18 დეკემბერია, წარმოიდგინეთ, მართვის როგორ ფანტასტიურ და უსაფრთხო სისტემასთან გვაქვს საქმე, რომ ერთ კვირაში უნდა გადავწყვიტოთ გავხსნით თუ არა საახალწლოდ ქვეყანას და ახლა უნდა წარმოადგინონ მოლებმა გეგმა, შეძლებენ თუ არა ისინი რიგების მართვას“,- განაცხადა კალოიანმა.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში „კლინიკური ვაკჰანალიაა“.
„ასეთი კლინიკური ვაკჰანალია, რაც ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან კოვიდის მართვაში, მე ბევრი არ მახსოვს. ბევრი პანდემია, ომი და სხვადასხვა ჯანდაცვითი პრობლემები გამომივლია ჩემი კარიერის განმავლობაში და ასეთი გაუგებრობა და „დომხალი“ არ მახსოვს. ძალიან ბევრი კლინიკური პროტოკოლი და საკითხი არ გვაქვს გაკეთებული. რეალურად, თანმიმდევრულად და ორგანიზებულად არც არაფერი არ კეთდება. ერთ-ერთ ინტერვიუში, კლინიკური ჯგუფის ლიდერი ამბობს – რა ვქნა, ახლა იმიტომ კვდება ამდენი ადამიანი, რომ არ მცალია ყველა პაციენტი ვნახოო და ეს უკვე მეტყველებს, სისტემა როგორ გამართულად მუშაობს“, – განაცხადა კალოიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში.