ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ქვეყანაში ვაქცინაციის იმდენი პუნქტია გახსნილი, რომ გაიარო, სადმე ფეხს წამოკრავ“.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, „ ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება“.
„დღეს საქართველოში სრულად ვაქცინირებულია საერთო მოსახლეობის დაახლოებით მესამედი და ზრდასრული მოსახლეობის 40-45%. კიდევ უფრო დამაფიქრებელია, რომ სულ 200 ათასამდე ადამიანია ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილი. ამერიკასა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სულ ცოტა 2/3 მაინც არის ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, ჯამში ამაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობაა, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. არცერთ ქვეყანაში ვაქცინაციის უკეთესი პირობები არ არის შექმნილი, ამიტომ პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება.
კერძოდ სახელმწიფომ შემოიტანა შეუზღუდავი რაოდენობით მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა „ფაიზერი“, რაც მოსახლეობის მოთხოვნა და მე ვიტყოდი, გარკვეულწილად, კაპრიზიც იყო. ქვეყანაში ვაქცინაციის იმდენი პუნქტია გახსნილი, რომ გაიარო, სადმე ფეხს წამოკრავ. უსაფრთხოება გარანტირებულია. 3 მილიონამდე აცრიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო ლეტალური. სხვა მძიმე, სერიოზული გართულება არ ყოფილა ან თუ იყო, კარგად იმართებოდა. ესეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ვაქცინაცია უფასოა და ყველასთვის იოლად ხელმისაწვდომია. უფრო მეტიც, დიდი ხნის მანძილზე ქვეყნის ხელმძღვანელობა ვაქცინაციის წასახალისებლად მატერიალურ (ფულად) ჯილდოსაც იყენებდა, რომელიც ა.წ. მაისიდან შეჩერებულია. ამას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აკეთებდა. მაშინ რატომ არ იცრება მოსახლეობა? ამის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ როგორც ჩანს, ქართულ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შინაგანად ანტივაქსერული განწყობა აქვს. ზოგი ამას ხმამაღლა ამბობს, უფრო მეტიც, ილანძება – „ვაქცინა შხამია და ხალხს კლავთ“ და ა.შ. გაცილებით მეტია, ვინც ამას არ ამბობს, მაგრამ მაინც არ იცრება. ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ყველგან არიან, მაგრამ საქართველოში გაცილებით მეტია. სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა აგრეთვე ზოგიერთი ექიმის, მათ შორის ცნობილი ექიმების ვაქცინაციის საწინააღმდეგო ყოვლად გაუმართლებელმა და უპასუხისმგებლო განცხადებებმა, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.
მაინც რატომ ვერ ვახერხებთ, რომ მოსახლეობაში ეს სკეპტიციზმი დავძლიოთ? ამბობენ, რომ არ არის საკმარისი საინფორმაციო კამპანია. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც არ მინახავს უფრო კარგი საინფორმაციო კამპანია“,- განაცხადა ცერცვაძემ.
მან ამასთან აღნიშნა, რომ მიზანი იყო მოსახლეობის სულ მცირე 2/3-ის ვაქცინაცია.
„ამას ვერ მივაღწიეთ. შესაბამისად, ვაქცინაციის გაზრდა არის ჩვენი გამოუყენებელი რეზერვი. თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტად მიაკითხავს ვაქცინაციის პუნქტებს. ეს ძალიან გაგვიადვილებს, რომ საქართველოში COVID ნამდვილად იქცეს ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციად. ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ, ერთი ნაბიჯი გვაკლია და ამ ნაბიჯის გადასადგმელად საჭიროა პირველ რიგში, ვაქცინაცია, მეორე – სიმპტომების გამოვლენისთანავე ავადმყოფმა გაიკეთოს COVID ტესტი, მესამე – ყველა ოჯახის/კლინიკის ექიმმა შესაბამისი ჩვენებების დროს დანიშნოს „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“. თუ ეს სამი პირობა შესრულდება, COVID ჩვეულებრივ რიგით რესპირაციულ ინფექციად იქცევა“,- განაცხადა ცერცვაძემ.