LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს – ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტების პაკეტი“ – კობახიძე „გრანტების შესახებ“ კანონზე

113
ირაკლი კობახიძე

„ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განმარტა, ბევრი რამის დაზუსტება იყო მნიშვნელოვანი და აუცილებელი:

„კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით „გრანტის“ ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

კანონით იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება დგინდება, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. როგორც ფრაქცია “ქართული ოცნება“ განმარტავს, მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით დაეკისრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g