LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის მასშტაბით რძის შემმოწმებელი მცირე ლაბორატორიები გაიხსნება

110

კომპანია ”ალიანს ჯგუფი ლიზინგი” ქვეყნის მასშტაბით წვრილი ფერმერებისა და საოჯახო მეურნეობებისთვის რძის შემმოწმებელი ლაბორატორიების განთავსებას იწყებს.

პროექტი საპილოტეა და სექტემბერში, კახეთის რეგიონიდან დაიწყება. როგორც ”ალიანს ჯგუფი ლიზინგის” სამსახურის უფროსმა გვანცა გვიჩიამ რადიო ”ფორტუნას” გადაცემაში ”ბიზნესკურიერი” განაცხადა, პროექტის მიზანია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლებისა და წვრილი ფერმერების ერთმანეთთან დაკავშირება.

”ჩვენ ჩავატარეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებში ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა, სადაც ხარვეზი აღმოჩნდა რძის ხარისხთან დაკავშირებით. ბუნებრივია ჩვენ ყველანი ვართ რძის პროდუქტების მომხმარებლები, ბაზრებზე იყიდება პროდუქტი, რომელსაც წვრილი და საოჯახო მეურნეობები აწარმოებენ, მათ ხარისხზე კი არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც დააფინანსებდა ასეთი ტიპის მეურნეობებისთვის პატარა ლაბორატორიების მოწყობას, სადაც ისინი შეძლებდნენ პროდუქტის ხარისხის დასტურის სერტიფიკატით რეალიზაციას და სამომხმარებლო ბაზრებზე გამოტანას. ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს საკუთარი პროდუქტი მარტივად გაასაღონ და ასეთი მომსახურება დადებით გავლენას მოახდენს მათ რეალიზაციაზე” – განუცხადა ”ფორტუნას” გვიჩიამ.

მისივე თქმით, პროექტს ლაბორატორიების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, თუმცა, პროექტი საშუალებას აძლევს საოჯახო მეურნეობებს მცირე ლაბორატორია საკუთარ სახლებშიც განათავსონ.

”ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა მსხვილ ლაბორატორიასთან. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ მთელი საქართველო. შინაარსი არის ასეთი – ფერმერსაც შეუძლია მოაწყოს სახლში ლაბორატორია, მოემსახუროს თავისივე მეზობელს, გააკონტროლის რძის ხარისხი და დამტებითი შემოსავალი მიიღოს ამისგან. ეს არ არის ძვირიანი აქტივები. ვინაიდან ძალიან მცირე და მიკრო მეწარმეებზე გვაქვს ამ ეტაპზე ორიენტირი” – აღნიშნა ”ალიანს ჯგუფი ლიზინგის” სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, შემოწმების შემდეგ ფერმერებს რძის ხარისხის დამადასტურებელი საბუთი ექნებათ და თუკი ის სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რეალიზაცია მარტივი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები