21 თებერვალს, სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, პლატფორმის „Georgian Awards“ ორგანიზებით, წლის მთავარი სამედიცინო ღონისძიება – რიგით მესამე „Med Award“ გაიმართა.
დაჯილდოების ოფიციალურმა გალა ცერემონიამ ერთ სივრცეში გააერთიანა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკები, ექიმები, ჯანდაცვის სექტორის პროფესიონალები და დარგის ლიდერები.

„Med Award“ წლის შემაჯამებელი სამედიცინო დაჯილდოებაა, რომლის მთავარი მიზანია ჯანდაცვის სფეროში მაღალი ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების წარმოჩენა, წარმატებული სამედიცინო სერვისებისა და ინოვაციური პრაქტიკების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ჯანდაცვის სისტემის როლის ხაზგასმა.
„Med Award“-ის გამარჯვებულები 30-ზე მეტ ნომინაციაში საზოგადოებრივი გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული სანდოობა და მაღალი ღირებულება შესძინა. ნომინაციები დაყოფილი იყო როგორც კლინიკების, ისე ექიმების პროფილების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ „Med Award“-ის სპეციალური ჯილდო ნომინაციაში „ფართო აუდიტორიისთვის აქტუალური“ გადაეცა რადიო ჰოლდინგ ფორტუნას გადაცემას „სტუმრად ექიმთან“, რომლის ავტორი და წამყვანი ნატა ხარაშვილია.

პლატფორმის „Georgian Awards“ დამფუძნებელმა ნატალია დოლიძემ ღონისძიების დასასრულს აღნიშნა, რომ „Med Award“-ის მესამედ ჩატარება ადასტურებს მის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ქვეყნისთვის. მისი განცხადებით, მსგავსი მასშტაბის დაჯილდოება არა მხოლოდ პროფესიონალების აღიარებას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს სამედიცინო სექტორის განვითარებაში, მის მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერებაში, მოტივაციას აძლევს ექიმებსა და კლინიკებს, დანერგონ ინოვაციური მიდგომები და მუდმივად იზრუნონ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
