HR hub-ის ორგანიზებით, 7 მაისს, 12:30 საათიდან, „მოსავალი ივენთ ჰოლში“, ქვეყნის მთავარი HR მოვლენა, HR ბიზნეს სამიტი-2026 ჩატარდება. ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ანა გზირიშვილი, HR hub-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი:
– HR ბიზნეს სამიტი პირველად 9 წლის წინ ჩატარდა და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამ ღონისძიებას წელს 400-ზე მეტი დამსწრე ეყოლებოდა (პირველად მხოლოდ 100 ადამიანს ვუმასპინძლეთ). სამიტი თავდაპირველად სულ სხვა ფორმატის იყო, ახლა კი შეცვლილია და ბევრად დახვეწილია ყველა მიმართულებით, გაზრდილია მასშტაბი სპიკერების თვალსაზრისითაც. ვცდილობთ, ეს ღონისძიება ყოველ წელს უფრო და უფრო უკეთესი იყოს, მაქსიმალურად ვერგებით სფეროში არსებულ მოთხოვნებს.
HR ბიზნეს სამიტი განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორისთვის და მისი მიზანია სფეროს განვითარება, ამ სფეროში არსებული სიახლეების გაზიარება. სხვათა შორის, HR hub-ს ყოველ თვე აქვს ხოლმე მსგავსი ღონისძიება, უბრალოდ, მცირე მასშტაბით. HR ბიზნეს სამიტი კი არის ქვეყნის მთავარი HR მოვლენა, სადაც სფეროს წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან, ნახულობენ ერთმანეთს, იცნობენ ახალ ადამიანებს, ერთმანეთს უზიარებენ იმ დროისთვის არსებულ გამოწვევებს.

HR ბიზნეს სამიტს ყოველ წელს სხვადასხვა თემა აქვს, წლევანდელი გახლავთ ტალანტები, რომელზეც ვისაუბრებთ ორი მიმართულებით – როგორ განვავითაროთ და შევინარჩუნოთ ტალანტები, როგორ ვამოტივიროთ ისინი კომპანიებში და ასევე, მოვისმენთ პირადი წარმატების ისტორიებს, რა დაეხმარა ამ თუ იმ სპიკერს საკუთარი ტალანტის აღმოჩენა-განვითარებაში.
სხვათა შორის, წელს სამიტზე მხოლოდ HR-ები არ იქნებიან სპიკერებად, მაგალითად, გვყავს თეონა ცირამუა, გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც ისაუბრებს, როგორ შევქმნათ გუნდში ჰარმონია. ასევე გვეყოლება ლადო კილასონია, რაგბის მწვრთნელი – იგი თავის ჭრილში ისაუბრებს ნიჭთან ურთიერთობაზე. ზოგადად, სულ ვცდილობთ, ახალი სპიკერები გვყავდეს, ახალი სახეები გამოვიყვანოთ აუდიტორიის წინაშე. ცხადია, არიან ისეთი სპიკერებიც, რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობთ, მაგალითად, სანდრო ჯეჯელავა, პაატა პაპავა და ა.შ.

წელს საოცრად მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს, მთავარ სცენაზე გვეყოლება 7 სპიკერი. მათგან ერთ-ერთია ცირა კემულარია, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა ამ ღონისძიებაზე და ჩვენ გამო ჩამოდის ლონდონიდან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. ცირას აქვს შთამბეჭდავი გამოცდილება ბიზნესის სფეროში, იგი გახლავთ კომპანიის „Shell“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ, საინტერესო ისტორიებს მოუყვება დამსწრე აუდიტორიას.
წელს პირველად გვექნება HR-ებისა და დირექტორების დებატები – HR VS CEO, რომელსაც გივი გიორგაძე, Bubblehead-ის თანადამფუძნებელი გაუძღვება. დებატების მონაწილეები არიან: თორნიკე გურული, „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ნონიკაშვილი, „ევროკრედიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ბაქრაძე, „Upgaming“-ის Chief People Officer.
ასევე გვექნება HR ნადიმი – მრგვალი მაგიდების გარშემო HR ლიდერები და ექსპერტები სხვადასხვა აქტუალური თემით გიმასპინძლებენ.
აუცილებლად ჩატარდება ვორქშოპები და არა მხოლოდ ბიზნესის მიმართულებით, გვექნება, მაგალითად, თექის, ქვიშაზე ხატვის და ა.შ. აქვე გამოვარჩევდი ჩვენს წარმდგენს, სადაზღვევო კომპანიას „ვაიზერი“, რომელიც სამიტის დამსწრეებს „გამბედაობის ოთახს“ დაახვედრებს. რა თქმა უნდა, არ ვაანონსებთ რა მოხდება ამ ოთახში, თუმცა მასში აუცილებლად უნდა შევიდნენ ისინი, ვისაც არ ეშინია გამოწვევების, ძალიან საინტერესო აქტივობები ელოდებათ.

სამიტის განუყოფელი ნაწილია HR ექსპოც, რომელზეც სხვადასხვა კომპანია HR-ებისთვის საინტერესო სერვისებს წარმოადგენს. წელს უპრეცედენტოდ ბევრი, 20-მდე კომპანია მონაწილეობს სპეციალური შეთავაზებებით.
სამიტის ბოლოს გვექნება მსუყე პრიზებით დატვირთული გათამაშებაც, ყველასთვის საყვარელი აქტივობა და After Party – ჩვენი აუდიტორიის წინაშე მებო ნუცუბიძის ბენდი წარდგება.
HR ბიზნეს სამიტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 5 მაისამდე შეუძლიათ. HR hub-ის ვებგვერდზე არის სრული ინფორმაცია ღონისძიების შესახებ, ასევე ჩვენს ფეისბუკ გვერდზე. უნდა იჩქაროთ, რადგან ძალიან ცოტა ბილეთი დარჩა. გარწმუნებთ, ვინც ამ ღონისძიებას დაესწრება, სულ ემახსოვრება.