ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი, რატი აბზიანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ნაცნობობის შესახებ საუბრობს და ჰყვება, თუ როგორ უყვარს უკრაინის პრეზიდენტს საქართველო:
„საქართველოში ზელენსკი პირველად 2010 წელს ჩამოვიდა და ბატონ ბუბაზე ფილმი გადაიღო. ამის შემდეგ მასა და მის გარემოცვასთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. საქმიან ურთიერთობებს მეგობრობა დაემატა. მე თვითონ დღემდე ვმუშაობ უკრაინაში მის კომპანიაში, რომელიც კონცერტების ორგანიზებას უზრუნველჰყოფს. ჩვენი დაგეგმილია „მგზავრების“ ტური უკრაინაში, ბატონი ბუბას საგასტროლო და ასევე ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტები.
ნებისმიერ უკრაინელს უყვარს საქართველო და ქართველები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ ამ ადამიანის დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მისი მშობლები ძალიან ხშირად ისვენებენ საქართველოში. თვითონ ბოლოს რომ ჩამოვიდა, პირველ რიგში, ენგურის ხიდთან მივიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ზელენსკი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ბატონი ბუბა იაროსლავ ბრძენის ორდენით დააჯილდოვა.
მას ძალიან უყვარს ქართული კულტურა და სამზარეულო. ძალიან ხშირად გახლდათ უკრაინაში არსებული ქართული რესტორნების სტუმარი, საოცრად უყვარს ქართული სიმღერა და რაც მთავარია, ქართველი ხალხი…“