რა ახდენს გავლენას პარტნიორულ ურთიერთობებზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინა გოგოხიამ ისაუბრა.
რას ნიშნავს ინტიმურობა და სიყვარული რეალურ ცხოვრებაში?
დავფიქრდეთ, რა გვაკლია ყველაზე მეტად? რომ დავფიქრდეთ, იქნებ ადრეც, მშობლების სახლშიც ზუსტად იგივე გვაკლდა? შეიძლება საერთოდაც არა, და იქნებ, ახლა სულ სხვა რაღაც გვინდა?
მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ახდენს ზემოქმედებას პარტნიორულ, ინტიმურ ურთიერთობებზე. ჩვენ ხშირად გვიჩნდება ეროტიკული და სექსუალური ასოციაციები ამ სიტყვებთან დაკავშირებით. ინტიმურობას მივაკუთვნებთ სექსუალურ პარტნიორებს ე.წ. საყვარლებს შორის ურთიერთობებს. ხშირად გვავიწყდება, რომ ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებაში, ინტიმურობის არ არსებობა იწვევს სიცარიელის და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას.
ყოველ ადამიანს სჭირდება ინტიმურობა, რომელსაც მოაქვს ემოციური უსაფრთხოება. ინტიმურობა წარმოადგენს ნდობის და რწმენის შედეგს, რომ მეორე ადამიანი თავს არ დაგვესხმება მოულოდნელად – არ გვაგრძნობინებს თავს ცუდად. მაგ. არ მოგვატყუებს, არ დაგვიქვემდებარებს, არ დაგვცინებს, არ გვისაყვედურებს, არ იქნება არალოიალური და სხვა.

რამდენად საჭიროა გულწრფელობა ურთიერთობებში?
სხვა ადამიანთან ინტიმურ ურთიერთობებში შეგვიძლია ვიყოთ ის, ვინც ვართ, არ არის იმის საჭიროება, რომ მოვაჩვენოთ თავი იმ ადამიანად, ვინც არ არ ვართ. ინტიმურ ურთიერთობაში შეიძლება, დამცავი ფარის დაშვება და საკუთარი სუსტი მხარეების გახსნა. შეიძლება იმაზე საუბარი, რას ვერ ვუმკლავდებით, რის გვეშინია, რა არ ვიცით. თუ ეს ცოლ-ქმრული ურთიერთობებია, ინტიმურობა ასევე ეხება სიყვარულს, ეროტიკას და სექსს.