LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ბიპოლარული აშლილობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

131
gogoladze-mtav

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის ბიპოლარული აშლილობა და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი თამარ გოგოლაძე.

რა არის ბიპოლარული აშლილობა?

ბიპოლარული აშლილობა გუნება – განწყობის აშლილობაა. მას გუნება – განწყობის უკიდურეს დათრგუნვილობასა და უკიდურეს აღტყინებას შორის მონაცვლეობა და ამ მონაცვლეობისგან გამომდინარე მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობების ცვლილება ახასიათებს. დეპრესიის ეპიზოდისათვის დამახასიათებელი უგუნებობა და სევდა ან მანიის ეპიზოდისთვის დამახასიათებელი ეიფორია ან გაღიზიანებადობა შესაძლოა, რამდენიმე კვირა ან თვეც კი გაგრძელდეს. შესაძლოა, პიროვნებას ხანგრძლივი დროის მანძილზე, უჭირდეს მყარი მდგომარეობის მიღწევა და შენარჩუნება. ხშირად ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის დასმა მკურნალობის დაწყებისთანავე არ ხდება, რადგან მაგალითად თუ აშლილობა დაიწყო დეპრესიული ეპიზოდით, ფსიქიატრებს სჭირდებათ აშლილობის დინამიკაზე დაკვირვება და დარწმუნება, რომ საქმე აქვთ ბიპოლარულ აშლილობასთან და არა დეპრესიასთან, როგორც გუნება-განწყობილების ცალკეულ აშლილობასთან.

რა არის ბიპოლარული აშლილობისთვის დამახასიათებელი ნიშნები?

ბიპოლარული აშლილობის გამომწვევი ცალკეული მიზეზის დასახელება ძალიან რთულია, რადგან ეს უფრო მეტად წარმოადგენს რამდენიმე მიზეზის თანხვედრის შედეგს. ბიპოლარული აშლილობის განვითარებაში მონაწილეობს გენეტიკური, ბიოლოგიური, პიროვნული და სხვა ფსიქიკური ცვლადების ერთობლიობა. ასევე, ის სოციალური გარემო, რომელშიც ინდივიდი ფუნქციონირებს. კვლევებით დასტურდება, რომ ბიპოლარული აშლილობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს გენეტიკური მოწყვლადობა ასრულებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გენეტიკური მოწყვლადობა და მთელი ცხოვრება ისე გაატაროს, რომ არ გამოუვლინდეს ბიპოლარული აშლილობა. ბიპოლარული აშლილობის განვითარების ერთ – ერთ ხელშემწყობ ფაქტორს სტრესული გამოცდილება წარმოადგენს. თუმცა, ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ძლიერი სტრესი შეიძლება იყოს ბიპოლარული აშლილობის ბიძგის მიმცემი, მაგრამ თავად სტრესი არ იწვევს ბიპოლარული აშლილობის განვითარებას. ადამიანის განვითარების ადრეული საფეხურის გამოცდილება და გარემო ფაქტორები დიდწილად განაპირობებს, თუ როგორ რეაგირებს ინდივიდი ამა თუ იმ სტრესულ მოვლენაზე. ერთი და იმავე სახის სტრესორი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ერთსა და იმავე სტრესორებთან გამკლავებისთვის, ადამიანები განსხვავებულ გზებს იყენებენ.

დეპრესიის მდგომარეობის შესახებ მეტნაკლები წარმოდგენა გვაქვს, თუმცა მანიის მოვლენა ნაკლებად ცნობილია. მანიის ეპიზოდის მქონე ინდივიდი სიხარულითაა მოცული და გარე სამყაროსა და საკუთარი შესაძლებლობებისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი. თუმცა, ხშირად, ამაღლებული გუნება – განწყობის ნაცვლად აღინიშნება ეიფორია და გაღიზიანება, რაც მარტივად იცვლება ბრაზით და მრისხანებით. განსაკუთრებით კი, იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდის სურვილები არ ხორციელდება ან, ის ალკოჰოლს თუ სხვა ფსიქოაქტიურ საშუალებებს იყენებს. მანიის ეპიზოდის ზოგ შემთხვევაში ასევე დამახასიათებელია ადამიანის ძილის მოთხოვნილების დაქვეითება და მუდმივი სიფხიზლე, რამაც შესაძლოა ფიზიკურ და ფსიქიკურ გადაწვამდე მიიყვანოს ადამიანი. დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანს მიაჩნია, რომ არაფერი გამოსდის, აკლია თავდაჯერებულობა და ნებისმიერ წარმატებას მისგან დამოუკიდებელ გარემოებებს მიაწერს, ვერაფერში ხედავს საკუთარ დამსახურებას, უიმედოდაა განწყობილი მომავლის მიმართ, თვლის, რომ არაფერი შეიცვლება. შესაძლოა, ის ხშირად იხსენებდეს ამბებს, რომელთან დაკავშირებითაც გაზვიადებულ ბრალეულობის განცდას განიცდის. გაბატონებულია მოგონებები, რომლებიც, უმეტესწილად, წარუმატებლობასა და წარსულში განცდილ იმედგაცრუებას უკავშირდება. დეპრესიის გაღრმავებასთან ერთად, ამგვარი, სევდიანი მოგონებები იმატებს. ინტერესთა სფერო გაუფერულებულია, აღინიშნება ანჰედონია – სიამოვნების განცდის უნარის დაკარგვა. მწვავედ გამოხატული მანიის ეპიზოდის მიმდინარეობისას, ხშირია ჰალუცინაციები, რომელიც გუნება – განწყობას შეესაბამება და მისგან გამომდინარეობს. მაგალითად, თუ პიროვნება ფიქრობს, რომ ის განსაკუთრებული უნარის მქონეა, შესაძლოა ჰქონდეს შესაბამისი შინაარსის ჰალუცინაციები. საკუთარი მდგომარეობის მიმართ კრიტიკა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. პიროვნებას უჭირს, გაიგოს რატომ უნდა შეიკავოს თავი გრანდიოზული გეგმების განხორციელებისაგან, შეამციროს ხარჯები ან უარი თქვას რისკის შემცველი სქესობრივი ურთიერთობების დამყარებაზე. ოჯახის წევრების მხრიდან, ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანის გამოჯანმრთელებაში. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც მხარდამჭერი ოჯახის წევრები და მეგობრები ჰყავთ, უფრო სწრაფად უმჯობესდება. ამასთან, მათ მანიისა და დეპრესიის ნაკლები ეპიზოდები უვლინდებათ, ხოლო სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული. ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობის საჭიროება ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში დგას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული მკურნალობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები