რა არის ფსიქოტრავმა, რამდენად რთულია მისგან თავის დაღწევა და როგორ უნდა მოვძენოთ გამოსავალი – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” კამარას ფსიქოლოგმა ნინო კომახიძემ ისაუბრა.
რა არის ფსიქოტრავმა?
ადამიანი ცხოვრების მანძილზე ბევრ რთულ, სტრესულ პერიოდს გადის, რომელთაგან ზოგი შედარებით მსუბუქი, ზოგიც უფრო მძიმეა. მათი სიმძაფრე, პირველ რიგში განისაზღვრება პიროვნების სუბიექტური დამოკიდებულებით, ამა თუ იმ სტრესული მოვლენის მიმართ და აზროვნების პროცესით, რომლის დროსაც ის აფასებს სიტუაციას და ებრძვის ამ სირთულეს. ჩვენ ფსიქიკაზე რეალურად არა მოვლენა ახდენს ზეგავლენას, არამედ ჩვენივე რეაქცია მასზე. რაღაც დოზით სტრესი აუცილებელი და სასარგებლოც კი არის, რადგან რთული სიტუაციის გადალახვის პროცესში, ადამიანი მთელ მის გონებრივ და ფიზიკური რესურსების კონცენტრაციას აკეთებს, რა დროსაც ის ფიქრობს, ანალიზს აკეთებს და მოქმედებს, რაც საბოლოოდ მის პიროვნულ ზრდას, ახალი გამოცდილების მიღებასა და განვითარებას უწყობს ხელს. როდესაც სტრესი ხდება ინტენსიური და ხანგრძლივი, ის უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ დგება, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მან დაკარგა კონტროლი სტრესულ სიტუაციაზე, რომ ტრავმა, რომელიც აღმოცენდა ამ სტრესული სიტუაციის შედეგად, იმდენად დიდი და ყოვლისმომცველია, რომ მისი გადალახვის იმედი აღარ არის. ამ დროს ადამიანი ხდება მოწყვლადი და მარტივად ექვემდებარება დაავადებებს.
ფსიქოტრავმა არის მძიმე სტრესული მოვლენებისა ან ძალადობის შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს განცდილი განცდების გადამუშავება. აღსანიშნავია, რომ ტრავმული შეიძლება გახდეს ისეთი მოვლენაც, რომელიც ადამიანს უშუალოდ არ ეხება, მაგრამ იყოს მძიმე სიტუაციის მოწმე.
რა უნდა გავითვალისწონოთ ამ დროს?
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს ფსიქოტრავმის ფსიქოლოგიური გადამუშავებაა. ეს არის პროცესი, რომლის მიზანი ტრავმის წარსულში დატოვებაა, რათა ის აღარ იყოს აწმყოს მუდმივი თანამგზავრი. პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ მსგავს სიტუაციაში, მკაფიოდ განვსაზღვროთ და გამოკვეთილი აქცენტები დავსვათ სტრესული მოვლენების მიმართ, დავშალოთ ,,მარტივ მამრავლებად,”გარკვევით ჩამოვაყალიბოთ ჩვენი დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისა ან ადამიანის მიმართ, ნათლად გავაცნობიეროთ რა გრძნობები, განცდები, ცვლილებები გამოიწვია ამ მოვლენამ ჩვენში. აგრეთვე, გავაანალიზოთ, დაგვეკისრა თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა მომხდარის შემდეგ, შეიცვალა თუ არა ჩვენი სტატუსი, რა იყო ყველაზე რთული მომენტი. შესაძლებელია ამ ყველაფრის წერილობითი ფორმითაც გადმოცემა ფურცელზე, რაც ყურადღების მეტ კონცენტრაციაში, სიტუაციის უფრო მკაფიო აღქმასა და გვერდიდან შეხედვაში დაგვეხმარება. მას შემდეგ, რაც გადამუშავების პროცესი დასრულდება, მნიშვნელოვანია სამომავლო გეგმის დასახვა, რომელიც არ იქნება კავშირში ტრავმულ სიტუაციასთან.
ხანდახან ხდება ისე, რომ ტრავმა იმდენად დიდი, უეცარი და ძლიერია, რომ ადამიანი მარტო ვერ უმკლავდება. ასეთ დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD). ეს არის ფსიქიკის მიერ გადაუმუშავებელი ფსიქოტრავმა, რის შედეგადაც ვითარდება სტრესული აშლილობა, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობასა და შესაბამისად ცხოვრების ხარისხზე.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ძირითადი ნიშნებია ტრავმული მოვლენის აკვიატება, მისი მუდმივი ტრიალი გონებაში, განცდილი განცდების სიმძაფრის შენარჩუნება. მაგ.: წლების წინ მომხდარი ამბავი შეიძლება დღესაც თავდაპირველი სიმძაფრის ემოციებს იწვევდეს. უძილობა, კოშმარული სიზმრები, დეპრესია, შფოთვა, ცხოვრების ხალისის დაკარგვა, ემოციური და ენერგეტიკული გამოფიტვა.

მკურნალობის პროცესი…
აუცილებელია კვალიფიციური მკურნალობის ჩატარება, რომელიც გულისხმობს მედიკამენტოზურ და ფსიქოთერაპიულ კომბინირებულ მიდგომას. ხშირად ხდება, რომ მკურნალობა მხოლოდ ანტიდეპრესანტებით და ტრანკვილიზატორებით შემოიფარგლება, რაც სრულყოფილ შედეგს არ იძლევა, რადგან მედიკამენტები მხოლოდ დაავადების სიმპტომებს აყუჩებენ. ფსიქოთერაპიის დროს კი ხდება მთავარი მიზეზის აღმოფხვრა, თავად ტრავმის გადამუშავება და საბოლოოდ გამოსვლა მდგომარეობიდან. იმისთვის, რომ ფსიქიკა მაქსიმალურად იყოს მომართული სტრესული სიტუაციების გადალახვისკენ და ფსიქოტრავმების დამოუკიდებლად გადამუშავებისკენ, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენი აზროვნების ნაკადის სწორ მიმართულებაზე და გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე. შევეცადოთ ნეგატიური აზროვნების ჩანაცვლება პოზიტიური აზროვნებით, მეტი ოპტიმიზმის გამომუშავებით, ყველა უარყოფით მოვლენაში რაიმე პოზიტივის დანახვით. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია დასვენების კულტურის არსებობა, რაც გულისხმობს იმ ჯანსაღი აქტივობების არსებობას ჩვენ ცხოვრებაში, რომლებსაც სიამოვნება და განტვირთვა მოაქვს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი