საქართველომ 5 ქვეყნის მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია ,,აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ პირველად უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას ,,ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად.“
ღონისძიება თემაზე ,,მომავალი მწვანე და ინკლუზიურია,“ ვირტუალურ ფორმატში გაიმართა და ისეთი საკითხების განხილვას მიეძღვნა, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.
კონფერენციას გახსნეს გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელმა დირექტორმა სანდა ოჯიამბომ, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომიმ.
ასევე, ღონისძიების სხვადასხვა ნაწილში წარმოდგენილი იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდეგი ხუთი ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი და ბელარუსი.
ღონისძიების მნიშვნელობაზე და მიზნებზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მწვანე ეკონომიკა არის ნაკლები გამონაბოლქვით ენერგო-ეფექტური და ინკლუზიური ეკონომიკა. საუბარია იმაზე, რომ უნდა განვავითაროთ ისეთი საქმიანობა და რეგულაციები, რომლებიც ნაკლებ უარყოფით გავლენას მოახდენს გარემოზე.
“რომ ვსაუბრობთ, სუფთა ენერგიის წყაროებზე, ისეთ მიდგომებზე, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს, რომლებიც ნაკლებ უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე, მაგალითად ნაკლები გამონაბოლქვი არის მათი მოხმარების შედეგად.
ზუსტად ამ მიმართულებაზე იყო საუბარი ამ ორი დღის განმავლობაში.
მაგრამ, როდესაც მწვანე ეკონომიკაზე ვსაუბრობთ აუცილებელია მესამე კომპონენტი, რომელიც აღვნიშნე. ეს არის ინკლუზიურობა, ყველა მოწყვლადი ჯგუფი უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პროცესში. უნდა შევეცადოთ, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები და ამასთანავე ბიზნესმაც, რომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის იყოს ხელმისაწვდომი პროფესიული განათლება და ხარისხიანი განათლება, რაც დასჭირდება მწვანე ეკონომიკის განვითარებას.
„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე, რას ნიშნავს მთავარი მოწოდება, ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, გლობალური ბიზნესი ეს არის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი, რომელიც 2015 წელს გაერომ მიიღო, როგორც მსოფლიო დღის წესრიგი 2030 წლამდე.
“ეს არის 17 მიზანი, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, ასევე გარემოსდაცვით საკითხებს და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.
აი მაგალითად, ხარისხიანი განათლება, რაც მანამდეც ვახსენე, გენდერული თანასწორობის საკითხები, სიღარიბის აღმოფხვრა, შიმშილის დაძლევა.
საქართველომ 17-ვე მიზნის ნაციონალიზაცია მოახდინა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში თავისი პრიორიტეტული მიმართულებები გამოკვეთა.
საქართველოს მხრიდან არსებობს, ეროვნული სამოქმედო გეგმა. გარდა ამ 17 მიზნისა ქვეყანა ხელმძღვანელობს სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებებით.
მაგალითად, ასოცირების შეთანხმებაში ზუსტად ის ვალდებულებებია, რაც შემდგომში მდგრადი განვითარების დღის წესრიგშიც არის მოცული.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის ქვეყანაში მთავრობა არაერთ ნაბიჯს დგამს.
“უკვე მიღებულია საკანონმდებლო აქტი, თუ რეგულაციები, სახელმძღვანელო პრინციპები, სტრატეგიები, თუმცა აღსრულების ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას.”-აღნიშნა მან.
„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე რამდენად დროულია მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე ფიქრი, იმის ფონზე, რომ ქვეყანაში საკმაოდ მწვავე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გვაქვს და მაშინ, როცა საკმაოდ ბევრმა კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება, ზოგიერთი ბიზნესი კი გადარჩენისთვის იბრძვის, სალომე ზურაბიშვილი გვპასუხობს, რომ:
„ზუსტად ამ კითხვას ვსვამდით კოვიდამდე, თუმცა კოვიდმა გვაჩვენა, რომ საზოგადოებრივი პრობლემა პირველ რიგში, ტვირთად დააწვა ბიზნეს სექტორს.
სწორედ იმიტომ, რომ ბიზნესსექტორს არ ჰქონდა გათვალისწინებული, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები, ხშირ შემთხვევაში არ იყო მზად ამისთვის და ვერ მოახერხა გადარჩენა ამ სოციალური პრობლემის გამო.
ამიტომაც, გარემოს დაცვის პრობლემები არის ისეთივე რეალური, როგორიც არის სოციალური პრობლემები და კიდევ უფრო დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკაზე.
თუ ბიზნესსექტორმა არ გადადგა ნაბიჯები და არ მიიღო ზომები, რომ გარდაქმნას თავისი საქმიანობა, ისევ მათ დააწვებათ, შემდეგ ეს გარემოსდაცვითი საკითხები.
მწვანე ეკონომიკა ბიზნესისთვის არის სასარგებლო და მომგებიანი-ამასთან, დაკავშირებით ბევრი ქართული კომპანია საუბრობს. თუნდაც მზის პანელებზე რომ გვაქვს საუბარი, კი ინვესტიცია სჭირდება ამ ეტაპზე, თუმცა ელექტოენერგიაზე იზრდება სულ უფრო გადასახადი და როცა გაქვს მზის პანელი დაყენებული და შენ თვითონ ამუშავებ ამ ენერგიას, შენ ხარჯების ნაწილში ბევრად უფრო მომგებიანი ხარ.
გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სტანდარტების დანერგვა არის მომგებიანი ბიზნესისთვის.
ბიზნესი საკმაოდ აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში.“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.