რა არის სმოკინგი?! – მკაცრი, გამოსასვლელი სამოსი, რომლის შერჩევაც არც თუ ისე იოლია, თუმცა მისი ტარება კი დიდ კომფორტთან არის დაკავშირებული. ასეც რომ არ იყოს, რეზულტატი მაინც ყოველთვის ერთია – სმოკინგით შემოსილი მამაკაცი ნამდვილი დენდი ხდება და მისი გარდაქმნა არავის ტოვებს გულგრილს.
სმოკინგის ისტორია ცოტათი ბუნდოვანი და გაურკვეველია. თუმცა არის რაღაც-რაღაცეები, რაც დაზუსტებით არის ცნობილი, მაგალითად, ის რომ 1865 წელს გამოჩენილმა ინგლისელმა მკერავმა ჰენრი პულმა, პირველი სმოკინგი უელსის პრინცს შეუკერა, ამის დამადასტურებელი წერილობითი ცნობები არსებობს. ეს იყო მოკლე პიჯაკი, რომელიც პრინცმა აბრეშუმის ყელსახვევთან ერთად მოირგო. ინგლისელი ჯენტლმენები პრინცის ჩაცმულობით ისე მოიხიბლნენ, რომ მალე თავადაც დაიწყეს მსგავსი სამოსის ოფიციალურ მიღებებზე და სხვადასხვა საღამოებზე ჩაცმა.
თანამედროვე სახით, სმოკინგი ჯეიმს ბრაუნ პოტერის დამსახურებით არსებობს და ეს სმოკინგის ისტორიაში მეორე დასაბუთებული ფაქტია. 1886 წლის ზაფხულს, როდესაც პოტერი უელსის პრინცთან ბალზე იმყოფებოდა, მონარქმა მას დიზაინერულ საკითხში სიახლეები გააცნო და აჩვენა რა იყო მოდის მაშინდელი მიღწევა. პოტერმა მალევე გადაჭრა ოკეანე და მოდის სიახლე, სმოკინგის სახით, ამერიკასაც გააცნო. ერთ-ერთმა მილიარდერმა – პიერ ლორილარდა მეოთხემ კი, სმოკინგს საკუთარი შტრიხები შემატა და ნიუ-იორკში ერთ-ერთ საღამოზე ახლებური ტანისამოსით საზოგადოების წინაშე წარდგა. ასეთი ავტორიტეტული ადამიანის მიერ გაწეულმა რეკლამამ, სმოკინგს მალე დაუმკვიდრა ადგილი უკლებლივ ყველა მამაკაცის გარდერობში.
ჩვენს დროში, სმოკინგი შესაძლოა კიდევ უფრო პოპულარული იყოს. მასში თავს იწონებენ გამოჩენილი ვარსკვლავები, როდესაც წითელ ხალიჩებს მიუყვებიან, ასევე ოფიციალური პირები, სხვადასხვა მიღებების დროს, დიზაინერებისათვის კი სმოკინგი დღესაც შთაგონების წყაროდ რჩება. მოკლედ, ის, რაც მოდურობისა და ელეგანტურობის სიმბოლოს წარმოადგენს, ფასს არ კარგავს და ყველა დროში აქტუალური და საჭირო სამოსია.