LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ტელესკოლა და ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი: სასწავლო პროცესი ორშაბათიდან იწყება

553
tvv

განათლების სამინისტრო და პირველი არხი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ. „ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, პროექტი მოიცავს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.

„უკვე 2 კვირაა აქტიურად ვმუშაობთ სატელევიზიო ბადეზე, რომ ავაწყოთ „ტელესკოლა“, რომელიც მოიცავს ყველა საგანსა და ასაკობრივ ჯგუფს. „ტელესკოლის“ ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ საგნების მიხედვით მოისმინონ საინტერესო გაკვეთილები. სატელევიზიო სკოლის ბადე ასევე მოიცავს გადაცემებსა და ჩართვებს საგანმანათლებლო მიმართულებით“, – აღნიშნა ეკა დგებუაძემ.

„ფორტუნას“ კითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა აღნიშნული პროექტი გარკვეულ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებას, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ „ტელესკოლის“ სასწავლო პროცესი ხელმისაწვდომია ყველასთვის და გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობების ნაწილიც. მისი თქმით, უკვე დაწყებულია გარკვეული გაკვეთილების ჩაწერა.

გარდა ამისა, როგორც ჩვენთან საუბარში ეკა დგებუაძემ აღნიშნა, „ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული.
„პროექტი მოიცავს გაკვეთილების ჩატარებას ჟესტების ენაზე სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის. გაკვეთილის თარგმნას ჟესტების ენის თარჯიმანი და ზოგიერთი მასწავლებელი უზრუნველყოფს.

ასევე, პროექტის ფარგლებში მუშაობენ ფსიქოლოგები, რომლებიც საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გააკეთებენ სხვადასხვა სახის ჩართვებს.

შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა ტიპის მოსწავლისთვის მორგებული გაკვეთილები ჩატარდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება.

“ტელესკოლის” გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: http://mes.gov.ge/; https://1tv.ge/ და https://stopcov.gov.ge/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g